გია ვოლსკი – გვარამიას ფორმულაა, რომ შეიძლება, გავნადგურდეთ, მაგრამ აღდგენის დროს უშველებელ ფინანსურ დივიდენდებს მივიღებთ, ეს ფორმულა კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ აერთიანებს
ნიკა გვარამიას მხრიდან ახალი არაფერი თქმულა, საქართველომ უნდა იომოს და ბრუტალურ დაპირისპირებაში უნდა ჩაერთოს, რათა შემდგომ, დანგრეული უკრაინის რეაბილიტაცია რომ განხორციელდება, იქიდან დივიდენდი მიიღოსო, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
გია ვოლსკის დაუსვეს კითხვა „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „უკრაინა მალე რომ ომს მოიგებს, ტრილიონები დაიხარჯება უკრაინის აღდგენაში ათწლეულის განმავლობაში, აი, საქართველოს არ მიასუნინებენ იმ ტრილიონებთან. მთელი ევროპა იქნება მშენებლობით და ფულის კეთებით დაკავებული“.
„რასაკვირველია, დივიდენდის თაობაზე მესიჯი ქართულ საზოგადოებას განეკუთვნება – თუ იკითხავს, სამხედრო დაპირისპირებაში ჩართვით საქართველო რას მიიღებს, აი, მათ გასაგონად გვარამია ამბობს, რომ მსხვერპლს დიდი შვება მოჰყვება, რადგან თუ ისინი იქნებიან ხელისუფლებაში, უშველებელ დივიდენდებს მიიღებენ, რომელიც თურმე, უკრაინაში უნდა დაიხარჯოს და რუსეთს ძალა არ ეყოლება იმისთვის, რომ საქართველო დააზიანოს. ეს ფორმულა ისაა, რომელიც 2022 წლიდან გვესმის. ახლახანს, დავით საყვარელიძემ დაგვმოძღვრა, რომ იაპონიაც ასე იყო, მიწასთან გასწორდა და დაინგრა, მაგრამ ახლა მოწინავეთა შორის არისო. ანუ, უკვე პირდაპირ გადავიდნენ პროპაგანდაზე და მიაჩნიათ, რომ პატრონები ამ პროპაგანდით და გეგმით არჩევენ მათ, რომ ისინი ხელისუფლებაში რევოლუციის გზით მოვიდნენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისივე თქმით, საუბარია მოკლევადიან გეგმაზე, რომ საქართველო დაპირისპირებაში ჩაერთოს.
„საქართველო ოკუპირებული ქვეყანაა და გვსურს, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს. ტრილიონების თემა მოგონილია. გვარამიას ფორმულაა, რომ შეიძლება, გავნადგურდეთ, მაგრამ აღდგენის დროს უშველებელ ფინანსურ დივიდენდებს მივიღებთ. ეს ფორმულა კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ აერთიანებს. საქართველო პატარა ქვეყანაა, ჩვენთან სხვა ვითარებაა. ამბობს, რუსეთი ისე დასუსტდება, 700 მეტრში ძალას ვერ მოძებნის, რომ რაც გვიკეთებია, დააზიანოს და რამდენიმე
რაკეტა მოძებნოს, რათა საქართველოში ნგრევა შეუქცევადი გახადოს. ამას გვეუბნებიან. მთავარი სათქმელია – ხელისუფლებაში მოგვიყვანეთ და ამ ბრუტალურ დაპირისპირებაში ჩავერთვებით რუსეთის წინააღმდეგო. ამის შემდეგ რა იქნება, ეს აღარ აინტერესებთ“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.