გია ვოლსკი - გულდასაწყვეტია, რომ საქართველოში სპეკულაციები პიკს აღწევს და ოპონენტები დამარცხებად განიხილავენ, თუ ევროკავშირის გადაწყვეტილება პოზიტიური იქნება
გია ვოლსკი - გულდასაწყვეტია, რომ საქართველოში სპეკულაციები პიკს აღწევს და ოპონენტები დამარცხებად განიხილავენ, თუ ევროკავშირის გადაწყვეტილება პოზიტიური იქნება

გულდასაწყვეტია, რომ საქართველოში პოლიტიკური სპეკულაციები პიკს აღწევს და ოპონენტები დამარცხებად განიხილავენ, თუ ევროკავშირი თავის გადაწყვეტილებაში პოზიტიური იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო რეგიონში ყველა რეიტინგით მოწინავე პოზიციებზეა.

„საქართველო რეგიონში ყველა რეიტინგით მოწინავე პოზიციებზეა, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ჯგუფში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს ვეჯიბრებით. პირიქით, ურთულესი მდგომარეობაა, უკრაინის ომს ვგულისხმობ. ამ რთულ მდგომარეობაში სამივე ქვეყანას მძლავრი ევროპული მხარდაჭერა და ევროპული ქოლგა სჭირდება როგორც სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე უსაფრთხოების მიმართულებით. ჩვენი მიმართვა აქედან გამომდინარეობს. სკეპტიციზმი გაჩნდა უკრაინაზეც და მოლდოვაზეც, თუმცა საქართველოს ცოტა განსხვავებული მდგომარეობა აქვს, რადგან შიდა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან საქართველოს მიმართ შეტევა არის განსხვავებული ჩვენი კოლეგა ქვეყნებისგან. ეს შეტევა ინტენსიური, მასობრივი და საკმაოდ გეგმაზომიერია. რასაკვირველია, ევროკავშირს თავისი პრობლემები ექმნება სამივე შემთხვევაში. გულდასაწყვეტია, რომ ამ თემაზე საქართველოში პოლიტიკური სპეკულაციები პიკს აღწევს და ოპონენტები პოლიტიკურ დამარცხებად განიხილავენ იმას, თუ ევროკავშირი თავის გადაწყვეტილებაში პოზიტიური იქნება. ევროკავშირთან მიმართებით ოპონენტები ვიწროპარტიული ინტერესებიდან არ ამოსულან არც ასოცირების შეთანხმების და არც თავისუფალი მიმოსვლის დროს. ცვლილებები არ ხდება, პირიქით, პოლიტიკურ სივრცეში ვითარება უფრო დამძიმებულია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.