გია ვოლსკი - გიული ალასანიას ტანსაცმლის ერთი გარდერობი რომ შეკრიბოთ, მისი ბრენდები, შეიძლება, იმ ხარჯს გადააჭარბოს, რაც ღარიბაშვილის ოჯახმა გასწია
გია ვოლსკი - გიული ალასანიას ტანსაცმლის ერთი გარდერობი რომ შეკრიბოთ, მისი ბრენდები, შეიძლება, იმ ხარჯს გადააჭარბოს, რაც ღარიბაშვილის ოჯახმა გასწია

გიული ალასანიას ტანსაცმლის ერთი გარდერობი რომ შეკრიბოთ, მისი ბრენდები, შეიძლება, იმ ხარჯს გადააჭარბოს, რაც ღარიბაშვილის ოჯახმა გასწია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტზე საუბარი სპეკულაციაა, რომელიც თემების გადასაფარად წამოწიეს.

„სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნებისმიერ შემთხვევაში განცხადებას აკეთებს, როცა გაუგებარი კითხვა ისმევა სანქციებთან დაკავშირებით და პასუხობენ, რომ არ იციან, შეისწავლიან და ეს სწორია. როცა ფულგადახდილი, დაქირავებული ლობისტების მიერ აზერბაიჯანელი წინასწარ შეთანხმებულ კითხვას კი არ სვამს, არამედ განცხადებას აკეთებს, რაც ძველი ფანდია, ამაზე კრიტიკული პოზიცია თქვენც უნდა გქონდეთ. ადამიანი მოისყიდეს, საერთოდ არ იცის, საქართველოში რა პროცესებია და სახელმწიფო დეპარტამენტში გვარამიაზე, ხაბეიშვილზე დაყრდნობით განცხადებებს აკეთებს. არ წაიკითხეთ, რომ დაქირავებულია აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელიც კითხვებს სვამს, რასაც კითხვა არ ჰქვია. თუ რაღაც ხარჯებზეა საუბარი, რაც ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახმა გასწია, ზუსტად ამ ხარჯების მოცულობა გიული ალასანიას ტანსაცმლის ერთი გარდერობია. მისი ტანსაცმელი ერთი გარდერობი რომ შეკრიბოთ, მისი ბრენდები, შეიძლება, იმ ხარჯს გადააჭარბოს, რაც ღარიბაშვილის ოჯახმა გასწია.

თავიდან ბრალდება იყო სახელმწიფო ხარჯებზე და თქვენმა ბელადმა რა სახელმწიფო ხარჯებიც გასწია, თუნდაც კბილებით გაკეთებულ მასაჟსა და ბოტოქსში, ერთად აჭარბებს ღარიბაშვილის ოჯახის მიერ გაღებულ კერძო თანხებს. გამოძიება უნდა დაიწყოს, რამდენი მოჰპარეს ჯარს, ბიუჯეტს, რა თანხის ბოტოქსი გაიკეთა სააკაშვილმა. რასაკვირველია, პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტზე საუბარი ვერ იქნება, ეს რაღაც სპეკულაციაა, რომელიც თემების გადასაფარად წამოწიეს. წინა ხელისუფლების დროს ათეული მილიონია დახარჯული მეგობრების პატივისცემაში, ფრენებში, ვიღაც ქალების ჩამოყვანაში, მასაჟებში, ბოტოქსებში. ბიუჯეტიდან იყო გახარჯული თანხა, რაც სტუდენტებს თუ დაავადებულ ბავშვებს უნდა მოხმარებოდათ. უშველებელი თანხები, რაც ბიუჯეტიდან დაიხარჯა, ადრე თუ გვიან, უნდა გასაჯაროვდეს და უნდა გასაჯაროებულიყო“, – განუცხადა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს.