გია ვოლსკი - გიორგი შაქარაშვილის საქმეში არ დარჩენილა მეტ-ნაკლებად დამნაშავე ადამიანი, ვისაც ჯერ პროკურატურის მხრიდან შესაბამისი ბრალეულობა არ დაუდგინდა
გია ვოლსკი - გიორგი შაქარაშვილის საქმეში არ დარჩენილა მეტ-ნაკლებად დამნაშავე ადამიანი, ვისაც ჯერ პროკურატურის მხრიდან შესაბამისი ბრალეულობა არ დაუდგინდა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე წარმოებული საგამოძიებო პროცესის მიმართ გააფთრებული შეტევა მიმდინარეობდა.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, ყველა ბრალდებას წერტილი დაესვა იმით, რომ ამ საქმეში მეტ-ნაკლებად დამნაშავე ადამიანი არ დარჩენილა, ვისაც ჯერ პროკურატურის მხრიდან შესაბამისი ბრალეულობა არ დაუდგინდა.

„მხოლოდ ერთმა ჟურნალისტმა გაიაზრა, რომ შეიძლება, უპრაგონო და ზოგიერთის მხრიდან სწორედ პოლიტიკური მიზნით გაკეთებული განცხადებებით ვინმე სხვა, მართლაც დამნაშავეების მხრიდან დაინტერესებულ ადამიანებს უწყობდნენ ხელს. ყველა ბრალდებას წერტილი დაესვა იმით, რომ ამ საქმეში არ დარჩენილა მეტ-ნაკლებად დამნაშავე ადამიანი, ვისაც ჯერ პროკურატურის მხრიდან შესაბამისი ბრალეულობა არ დაუდგინდა. რასაკვირველია, პრეზუმფცია არ უნდა დავარღვიოთ, სასამართლო წინ არის და დაცვის მხარეს სრული შესაძლებლობა ექნება, თავისი პოზიციები წარმოადგინოს და ის ბრალდებულები დაიცვას, რომლებზეც დღეს პროკურატურამ ისაუბრა. ეს ის რეალობაა, რაც საქართველოში შეიქმნა – ხელისუფლება აღარ წყვეტს, ვინ დაიჭირონ, ვინ აწამონ და ვინ სიცოცხლეს გამოასალმონ, როგორც ეს იმ პერიოდში იყო, როცა სახელმწიფოს ის ადამიანები ხელმძღვანელობდნენ, ვინც ახლა ჟურნალისტის მიკროფონს არის ამოფარებული“, – განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო.

ეს პირები არიან ვახტანგ ჩიქოვანი, არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი და არასრულწლოვნები, ზ.ხ. და ა.ქ.