გია ვოლსკი - გიორგი გახარიას განცხადებები არათუ ბრძნულია, არამედ მიუღებელი, არაეთიკური და არასწორია
გია ვოლსკი - გიორგი გახარიას განცხადებები არათუ ბრძნულია, არამედ მიუღებელი, არაეთიკური და არასწორია

ძალადობა რომ ძალადობას შობს, ამას დაგიდასტურებთ, მაგრამ რა შობს შუბლზე ასეთ ძარღვგაწყვეტილობას, ვერ ვხსნი, – ასე შეაფასა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ თბილისში ბოლო ორი დღის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას დღევანდელი განცხადება.

მისივე თქმით, გახარიას განცხადებები მიუღებელი, არაეთიკურია. ვოლსკი ამბობს, რომ ამისი მიზეზი შესაძლოა, თავის წარმოჩენის სურვილი იყოს.

„ძალადობა არ არის ის თემა, რომელიც ხელისუფლებას ახასიათებს, მათ შორის არ ახასიათებდა გიორგი გახარიას ხელმძღვანელობის დროსაც. მას შემდეგ არ შეცვლილა სახელმწიფოში მიდგომა და თუ მის პოლიტიკას ასეთი განცხადებების კეთება სჭირდება, რასაკვირველია, მხოლოდ ამაზე შეიძლება გვქონდეს კომენტარი. ის, რაც მისი განცხადების შინაარსში დევს, არის პოლიტიკური სპეკულაციის მაგალითი, რომელზეც შეიძლება მომავალ თაობებს ასწავლო, როგორ არ უნდა მოიქცე, როდესაც პოლიტიკურ პოზიციას იცვლი. მისი განცხადებები არათუ ბრძნულია, არამედ მიუღებელი, არაეთიკური და არასწორია, ვინაიდან არ აქვს საფუძველი. ასე საუბრის მიზეზი შეიძლება იყოს მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაცია და თავის წარმოჩენის სურვილი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.