გია ვოლსკი - გიგი უგულავამ ისეთი სისულელეები ილაპარაკა, სჯობდა, არ ეღრიალა წიქარასავით
გია ვოლსკი - გიგი უგულავამ ისეთი სისულელეები ილაპარაკა, სჯობდა, არ ეღრიალა წიქარასავით

გიგი უგულავამ ისეთი სისულელეები ილაპარაკა, სჯობდა, არ ეღრიალა წიქარასავით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ გუშინდელ აქციაზე გიგი უგულავას სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

„თუ ექიმმა გიგი უგულავას რეკომენდაცია მისცა, მისი რენომესთვის სჯობდა, არ მიეცა, რადგან ისეთი სისულელეები ილაპარაკა, სჯობდა, საერთოდ არ ელაპარაკა, არ ეღრიალა წიქარასავით. სჯობდა, ეს არ მომხდარიყო მისთვის და მისი პოლიტიკური პარტიისა თუ პოლიტიკური გემოვნების ინტერესებიდან გამომდინარე. დაარღვია თუ არა რეგულაციები, არ ვიცი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გიგი უგულავა, რომელსაც 7 ოქტომბერს კორონავირუსი დაუდასტურდა, თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოვიდა. „არ შემეძლო, დღეს აქ არ მოვსულიყავი, მადლობა ექიმებს, რომ მომცეს ამის საშუალება“, – განაცხადა გიგი უგულავამ აქციაზე. მოგვიანებით, უგულავამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სიმპტომები აღარ აქვს, აღარც გადამდებია. მისივე თქმით, სწრაფმა ტესტმაც უარყოფითი აჩვენა და ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტა, ყოფილიყო აქციაზე, ხალხთან ერთად.