გია ვოლსკი - გავრცელებულ ჩანაწერში გია დანელიას განცხადება აბსურდია, მაგრამ აბსურდს პასუხი უნდა გაეცეს
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ზუგდიდის საკრებულოს წევრის, გია დანელიას განცხადება აბსურდია, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს. როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, დანელიას ჩანაწერს მკაცრ შეფასებას აძლევს, რადგან ეს ის თემა არ არის, რაც „ქართულ ოცნებას“ ახასიათებს.
„გია დანელია „ქართული ოცნების“ მომხრეა თუ მოწინააღმდეგე, რას ამბობს, იმას დააკვირდით – ე.ი. ფული დაარიგეთ, დააშინეთ, ვინც არ დაშინდება, სახლში დასვით; ვინც სახლში არ დაჯდება, ფულს არ აიღებს, საწამებლად წაიყვანეთ, გაიტაცეთ და იმ ჯურღმულებში ჩაიყვანეთ, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გათხარა. ეს არის ის, რაც ამ ჩანაწერიდან მოვისმინეთ. ეს სერიოზულად მაღელვებს და ასეთ განცხადებას მკაცრად შევაფასებდი, რადგან ის თემა არ არის, რაც ახასიათებს „ქართულ ოცნებას“. აბსურდული განცხადებაა გაკეთებული, თვითონაც წარმოიდგინეთ, საუბარი რა მასშტაბზეა და სამეგრელოზე თითქოს, მოსახლეობა ასე ადვილად ან მოსასყიდი ან სახლში დასასმელი ან გასატაცებელია.
ეს აბსურდია, მაგრამ აბსურდს პასუხი უნდა გაეცეს. თემა არის, რომელიც გამოძიებას საჭიროებს. არ შეიძლება, ადამიანს მიადგე და პირდაპირ ბრალდება წაუყენო, მოსაზრებები მასაც აქვს, მაგრამ „ქართული ოცნებისთვის“ ასეთი რამე იმდენად დამაზიანებელია, ბუნებაში არარსებული საკითხის ასეთი ფორმით დემონსტრირებას, პასუხი უნდა გასცეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
პროკურატურამ ზუგდიდის საკრებულოს წევრის, გია დანელიას ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო. როგორც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, ფარულ ჩანაწერში „ქართული ოცნების“ წევრი და ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი გია დანელია მეორე პირს უხსნის, წინასაარჩევნოდ რა დავალებები მიიღეს „ზევიდან“. მათივე ინფორმაციით, „ჩანაწერში დანელია ჰყვება, როგორ დაიბარეს სხვა ადგილობრივ ლიდერებთან ერთად და მისცეს დავალებები, მოისყიდონ მოქალაქეები ნებისმიერ ფასად, ვისაც ვერ მოისყიდიან, დააშინონ, ვისაც ვერ დააშინებენ, გაიტაცონ და 19 მაისს საარჩევნო ყუთთან მისვლის საშუალება არ მისცენ“. გია დანელია გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს გაუგებრობასა და მონტაჟს უწოდებს. „ეს არის მიზანმიმართულად განხორციელებული დისკრედიტაცია ჩემ მიმართ. ეჭვქვეშ ვაყენებ გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობას. ესაა გაუგებრობა და მონტაჟი“, – განაცხადა გია დანელიამ.