გია ვოლსკი – გერმანიის ელჩს ყველა კონვენცია თუ მორალური კანონი აქვს დარღვეული, შესაბამისი ინსტრუქცია აქვს და ახლა გერმანიის მთავრობა ცდილობს, თავისი ელჩი დაიცვას

15:23, 31.10.2025

გერმანიის მთავრობა კითხვებზე პასუხს იმიტომ გაურბის, რომ გერმანიის ელჩს ყველა კონვენცია თუ მორალური კანონი აქვს დარღვეული. რასაკვირველია, ეს ელჩის ბრალი არ არის, რადგან მთავრობიდან შესაბამისი ინსტრუქცია აქვს და ახლა მთავრობა ცდილობს, თავისი ელჩი დაიცვას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ფულის შემოზიდვა მოხდა, შავი ფულია და ეს არ არის გამჭვირვალე.

„კითხვებზე პასუხს იმიტომ გაურბიან, რომ გერმანიის ელჩს ყველა კონვენცია თუ მორალური კანონი აქვს დარღვეული. რასაკვირველია, ეს ელჩის ბრალი არ არის, რადგან მთავრობიდან შესაბამისი ინსტრუქცია აქვს და ახლა მთავრობა ცდილობს, თვისი ელჩი დაიცვას. ფულის შემოზიდვა მოხდა, შავი ფულია, ეს არ არის გამჭვირვალე. სახლის დაქირავება კატეგორიული დარღვევაა, მაგრამ ხაზარაძისგან არ უქირავებიაო. არადა, ხაზარაძე საპირისპიროს ამბობს. ეს უპატივცემულობაა ქართული საზოგადოების, მაგრამ არანაკლები უპატივცემულობაა გერმანიაში იმ ხალხის მიმართ, რომელიც გერმანიის ბიუჯეტში ფულს იხდის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, გერმანიის მთავრობამ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საპასუხოდ გაასაჯაროვა ის თანხები, რომლებიც მხარდამჭერი პროექტების ფარგლებში საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოიყო. კერძოდ: 2020 წელი – 360,164 ევრო; 2021 წელი – 401,368 ევრო; 2022 წელი – 297,899 ევრო; 2023 წელი – 517,937 ევრო; 2024 წელი – 831,914 ევრო; 2025 წელი – 150,580 ევრო. ამასთან, ინფორმაციაში არ გვხვდება თანხის მიმღებ არასამთავრობოთა ჩამონათვალი.

გარდა ამისა, გერმანიის მთავრობამ კიდევ ერთი ინფორმაცია გაავრცელა, რომელიც შეეხებოდა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ მამუკა ხაზარაძისგან ძვირად ღირებული ქონების ქირაობასაც. როგორც ბუნდესტაგის მიერ გამოქვეყნებულ პასუხშია აღნიშნული, ინფორმაცია მამუკა ხაზარძისგან ძვირად ღირებული ქონების ქირაობაზე სიმართლეს არ შეესაბამება.

მსგავსი