გია ვოლსკი - გავეშებული ჯგუფის პარლამენტში შეჭრას არა მარტო რუსეთი გამოიყენებდა, დესტაბილიზაციის წინაპირობაც შეიქმნებოდა
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ქვეყნის სტაბილურობას საფრთხე შეექმნებოდა, თუ აქციის მონაწილეები პარლამენტში შეიჭრებოდნენ.
ვოლსკის თქმით, აღნიშნული ფაქტი ქვეყანას მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებდა, რაც ხელს აძლევდა რუსეთს, რომლისთვისაც მთავარი დივიდენტია, დასავლეთის მოკავშირე ქვეყანაში როგორმე დესტაბილიზაცია მოახდინოს.
„არა მარტო რუსეთი გამოიყენებდა, და უკვე იყენებდა კიდევაც, არამედ ქვეყნის დესტაბილიზაციის დიდი ალბათობა და წინაპირობა შეიქმნებოდა, თუ კი ეს გავეშებული ჯგუფი, მათ შორის ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის მონაწილეობით, შემოიჭრებოდა პარლამენტში.
ეს საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებდა ქვეყანას და რასაკირველია, რუსეთისთვის მთავარი დივიდენტია, როგორმე დესტაბილიზაცია მოახდინოს დასავლეთის მოკავშირე ქვეყანაში, მათ შორის ინფორმაციის გავრცელებითაც – არასწორი, დეზ ინფორმაციითაც და კონკრეტული ძალისმიერი ქმედებითაც, რასაც ადგილი ჰქონდა 20 ივნისს, საკმაოდ დიდი ხანი დასჭირდა პოლიციას, რომ მშვიდობიანი ფორმით განერიდებინა ქვეყანა ამ განსაცდელს, სამწუხაროდ, შემდეგ კიდევ ძალის გამოყენება გახდა საჭირო“,-განაცხადა გია ვოლსკიმ