გია ვოლსკი – გამოძიებასთან თუ ითანამშრომლებ და ცოდვას მოინანიებ, მართლმსაჯულება შემწყნარებელი უნდა იყოს, თუმცა ეს ბრალის გაუქმებას და განულებას არ ნიშნავს

16:14, 14.09.2026

იმედი მაქვს, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე დანაშაულს მართლა გულწრფელად ინანიებს, არავის არ აქვს თვითმიზანი, რომ ის, და ნებისმიერი სხვა, გასამართლებული იყოს და ციხეში სასჯელს იხდიდეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკიმ განაცხადა.

„საერთაშორისო პრაქტიკა ასეთია, საქართველოში ახალი არაფერი მოუგონიათ. გამოძიებასთან თუ ითანამშრომლებ და ცოდვას მოინანიებ, რასაკვირველია, ყოველ შემთხვევაში დემოკრატიულ სამყაროში, მართლმსაჯულება შემწყნარებელი უნდა იყოს, თუმცა ეს ბრალის გაუქმებას და განულებას არ ნიშნავს. დანაშაული ჩადენილია. ამ საკითხს მაინც  ემოციურად ვუდგები, რადგან განწყობაც ყოველთვის ასეთი მქონდა – მრავალშვილიანი მამაა. იმედი მაქვს, რომ დანაშაულს მართლა გულწრფელად ინანიებს. არავის არ აქვს თვითმიზანი, რომ ჯუანშერ ბურჭულაძე, და ნებისმიერი სხვა, გასამართლებული იყოს და ციხეში სასჯელს იხდიდეს“.

ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძესა და მის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს, ასევე ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. შეთანხმების თანახმად, ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდარავა პენიტენციურ დაწესებულებას სექტემბრის ბოლოს დატოვებენ, რაც შეეხება ჯუანშერ ბურჭულაძეს, ის ციხეს ორ წელიწადში დატოვებს.

მსგავსი