გია ვოლსკი - ფურცელზე გადატანილი სამოქმედო გეგმა არ ნიშნავს, რომ ევროკავშირს უფრო სწრაფი ნაბიჯების გადმოდგმა ვაიძულოთ   
გია ვოლსკი - ფურცელზე გადატანილი სამოქმედო გეგმა არ ნიშნავს, რომ ევროკავშირს უფრო სწრაფი ნაბიჯების გადმოდგმა ვაიძულოთ   

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხები ინდივიდუალურად უნდა იქნას განხილული, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მედია დაინტერესდა ევროინტეგრაციის შესახებ განაცხადის დაფიქსირებისას, საქართველო ინდივიდუალურად უნდა მოიაზრებოდეს თუ სხვა წარმატებულ ქვეყანათა რიგებში.

„საქართველოს გააჩნია თავისი განსაკუთრებული ადგილი, განსაკუთრებული ხედვები სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში, ასევე პროგრესი. ვფიქრობ, რომ საქართველო ინდივიდუალურია და ინდივიდუალურად უნდა იქნეს განხილული მისი გაწევრიანება და შემდგომი გაწევრიანების საკითხები“, – განაცხადა ვოლსკიმ.

დეპუტატის თქმით, დღეის მდგომარეობით, საქართველოს ამ ნაბიჯის დამოუკიდებლად გადადგმის  საშუალება აქვს.

ამასთან, დეპუტატის განცხადებით, საქართველოს მიერ შემუშავებული ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკაც ევროპასთან ინტეგრაციის დამატებით ნაბიჯებს გულისხმობს, თუმცა, ფურცელზე გადატანილი სამოქმედო გეგმა არ ნიშნავს, რომ ევროკავშირს სწრაფი ნაბიჯებისკენ ვუბიძგებთ.

„ფურცელზე გადატანილი სამოქმედო გეგმა არ ნიშნავს ავტომატურად იმას, რომ ვაიძულოთ ევროკავშირი უფრო სწრაფი ნაბიჯები გადმოდგას ჩვენთან მიმართებაში. იქაც არსებობს სხვადასხვა ქვეყნები, სხვადასხვა შეხედულებები, მაგრამ ფაქტია, ჩვენ ჩვენი საშინაო დავალება უნდა შევასრულოთ, რომ საზოგადოებას მივცეთ საუკეთესო ვერსია ცხოვრების და მომავალი გეგმები შევათანხმოთ, თუნდაც მომავალი თაობის წარმატებისთვის.

ესაა გეგმა, ევროკავშირის მხრიდან რეალიზაციის შეფასების წინასწარ დაგეგმვა არ შეგვიძლია, თუმცა მზაობის დონე საკმაოდ კარგადაა გამოხატული ნებისმიერ შეთანხმებაში, ეს იქნება  სავაჭრო ხელშეკრულება თუ ასოცირების შეთანხმება“- აცხადებს დეპუტატი.