გია ვოლსკი - ფორმულას, რომელსაც ოპოზიცია საარჩევნო სისტემის საკითხზე გვთავაზობს, საქართველოს სტაბილურობისათვის დამანგრეველი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს
გია ვოლსკი - ფორმულას, რომელსაც ოპოზიცია საარჩევნო სისტემის საკითხზე გვთავაზობს, საქართველოს სტაბილურობისათვის დამანგრეველი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს

საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, ჩვენი შეთავაზება არის გონივრული და ორიენტირებული ქვეყნის კეთილდღეობისათვის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, საარჩევნო საკითხებზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის ზუსტი დრო ცნობილი არ არის.

„100/50-ზე არის ძირითადი ფორმულა. იქ ვარიაციებიც არის შიგნით, მაგრამ ეს ფორმულა ჩვენი მხრიდან უცვლელი დარჩება. თუ ამასთან დაკავშირებით, ან პროპორციულ ნაწილში ან თუნდაც მაჟორიტარულ ნაწილში რაღაც წინადადებები აქვს ოპოზიციას, ესეც უნდა განვიხილოთ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობაც მონაწილეობს ამაში, ევროკავშირი, ევროსაბჭო, აშშ, გერმანია და ვფიქრობ, მათთვისაც საყურადღებო იქნება ის პოზიციები და ის არგუმენტები, რომლებიც მხარეებს გააჩნიათ, ამ მომენტისათვის. ამას აქვს მოლაპარაკებაზე ორიენტირებული ხასიათი, ამავე დროს, საკმაოდ საინფორმაციო პილიტიკური მნიშვნელობის შეხვედრა იქნება. ზუსტად ვერ დაგისახელებთ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ შეხვედრა ბოლო დეკადაში იქნება, რომელიც დადგება უკვე ორშაბათიდან“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გია ვოლსკის შეფასებით, ფორმულას, რომელსაც ოპოზიცია საარჩევნო სისტემის საკითხზე ხელისუფლებას სთავაზობს, საქართველოს სტაბილურობისათვის დამანგრეველი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს.

„დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი პოზიცია განეკუთვნება ისეთ პოზიციებს, რომელიც განაპირობებდა, აქამდე ყოველ შემთხვევაში, ქვეყნის სტაბილური განვითარების გარანტიას. ფორმულას, რომელსაც გვთავაზობენ, მით უმეტეს იმ განწყობებით, რომელსაც დღეს ვხედავთ, რა საკვირველია, დამანგრეველი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს სტაბილურობისათვის. ჩვენი შეთავაზება არის გონივრული და ორიენტირებული ქვეყნის კეთილდღეობისათვის. შეთანხმების სურვილი გვაქვს. მოლოდინს რაც შეეხება, ახლა არ ვიცი, რამდენად კონსტრუქციული იქნება ჩვენი ოპონენტების მხარე, მაგრამ მე დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს შეთანხმება შედგეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.