გია ვოლსკი - პატარა საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას, ხელწამოსაკრავად როცა ერჩი და არ ანაალიზებ ვითარებას, ესაა მტრული დამოკიდებულება გარკვეული პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მხრიდან
არ შეიძლება, ფეიკინფორმაციაზე დაყრდნობით სვამდე კითხვას, თუ ეს წინასწარ არ გაქვს დაგეგმილი. როგორ შეიძლება, რუსი ჟურნალისტის პოზიციაზე, თუნდაც „ნიუ იორკ თაიმსთან“ თანამშრომლობდეს, ააგო კითხვა, თითქოს ევროპის ქვეყნები სანქცირებულ პროდუქციას აგროვებენ რუსეთისთვის, რომელიც გადააქვთ თურქეთში და შემდეგ იქიდან ტრაილერებით საქართველოში შედის, საქართველო გამოყენებულია, როგორც სატრანზიტო დერეფანი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
გია ვოლსკი გამოეხმაურა „სიენენის“ წამყვანის მიერ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, კერძოდ, გავრცელებული ცნობების შესახებ, რომ სანქცირებული საქონელი რუსეთში საქართველოდან ხვდება.
ვოლსკის თქმით, ამის არანაირი მტკიცებულება არ აქვთ. ამასთან, გია ვოლსკის განმარტებით, ვინც არ უნდა იყოს, როცა ჭორებს არის აყოლილი, მეტიც, თავად არის ჭორების შექმნის წყარო, ვალდებული არიან, საქართველოს ეროვნული ინტერესი დაიცვან.
„პატარა საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას, ხელწამოსაკრავად როცა ერჩი და არ ანაალიზებ სიტუაციას, რა ხდება, ეს არის მტრული დამოკიდებულება გარკვეული პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების მხრიდან. თუ არსებობს ეჭვი, რომ საქართველო შავი ხვრელია და საქართველოს რუსეთთან თანამშრომლობის გარკვეული სტრატეგია აქვს ჩამოყალიბებული, ამას პასუხი უნდა გასცე, მაგრამ საკითხის წარმოშობა, თითქოს ჩვენთან არსებობს ამის სისტემა, ძალიან კარგად ჩანს ციფრებში, რომ ეს ასე არ არის, უსაფუძვლო ჭორი და საქართველოს მიმართ მტრული დამოკიდებულების ერთ-ერთი ნიშანია. არ მაინტერესებს, ფონ დერ ლაიენია თუ კუბილიუსი, როცა ჩემს ქვეყანას უპირისპირდება და ჭორებს არის აყოლილი, არათუ აყოლილი, უფრო მეტიც, ჭორების შექმნის წყაროა თავად, ვინც არ უნდა იყოს, ვალდებული ვართ, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესი დავიცვათ. ისეთ რამეს გვაბრალებენ, რასაც არ ვაკეთებთ და ეს არის ყველაზე აშკარა ნიშანი, რომ საქართველოს თავდაცვითი პოზიცია სწორი და მართალია“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
ტელეკომპანია „სიენენის“ ეთერში ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ტელეკომპანიის წამყვანმა, კრისტიან ამანპურმა სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით დაუსვა შეკითხვა. „მინდა, გკითხოთ სანქციებთან დაკავშირებით. თქვენ მკაფიოდ განაცხადეთ, რომ სანქციებს სანქციებზე აწესებთ რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა ჩვენ გვესმის, და მე დარწმუნებული ვარ, თქვენ ნახეთ გავრცელებული ცნობები, რომ ამის მიუხედავად, ბევრი აკრძალული საქონელი ხვდება იქ გვერდის ავლით, განსაკუთრებით, ბოლო ცნობების თანახმად, საქართველოდან. როგორ შეიძლება შეჩერება იმისა, რომ რუსეთმა მიიღოს ის, რაც სჭირდება სანქციების პირობებშიც კი?“ – იკითხა ამანპურმა.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, სანქციების მეათე პაკეტი ძირითადად ფოკუსირებული იქნება იმაზე, რომ მასშტაბური შედეგები დადგეს მათთვის, ვინც ევროკავშირის სანქციებს გვერდს უვლის.