გია ვოლსკი - „ევროპულმა საქართველომ“ ვერ შეიძინა დამოუკიდებელი სახე, ვერც „ნაცმოძრაობას“ გაემიჯნა და ვერც ფანჩატურის საძმოს
გია ვოლსკი - „ევროპულმა საქართველომ“ ვერ შეიძინა დამოუკიდებელი სახე, ვერც „ნაცმოძრაობას“ გაემიჯნა და ვერც ფანჩატურის საძმოს

„ევროპულმა საქართველომ“ ვერ შეიძინა დამოუკიდებელი სახე, ვერც „ნაცმოძრაობას“ გაემიჯნა და ვერც ფანჩატურის საძმოს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას, რომ პარლამენტი კიდევ უფრო ერთპარტიული გახდა.

ამასთან, ვოლსკი  გამოეხმაურა, ახალი პარტიის „ევროპელი სოციალისტების“ დაფუძნებას, რომლის წევრთა ნაწილი დეპუტატი გახდა.

„ვერ შეიძინა „ევროპულმა საქართველომ“ დამოუკიდებელი სახე, ვერც „ნაცმოძრაობას“ გაემიჯნა, ვერც ფანჩატურის საძმოს და საკუთარი უმარშრუტობის შესანიღბად ცდილობენ ახალი თემის შემოტანას საინფორმაციო სივრცეში.

ახლადშექმნილ პარტიასაც დავაკვირდეთ, „ევროპულის“ მორგება კი იციან სათაურში, მაგრამ ვნახოთ, რამდენად დაეფუძნება მათი საქმიანობა საუკეთესო ევროპულ მაგალითებს. ისე, ფაქტია, რომ სახელმწიფოებრივად სწორი ნაბიჯი გადადგეს და დღეისათვის პარლამენტში ორი პოლიტიკური ძალაა წარმოდგენილი.

იმედი მაქვს, სხვა პოლიტიკური სუბიექტებიც, არა მხოლოდ პარტნიორი ქვეყნების ინტერესების გათვალისწინებით, არამედ უმთავრესად საკუთარი ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებლობით იმოქმედებენ. საბოტაჟის რეჟიმი უპირისპირდება ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნების სასიცოცხლო ამოცანას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, „ვროპელი სოციალისტების“ წევრების, ავთანდილ ენუქიძის, ფრიდონ ინჯიას, დავით ზილფიმიანის და გელა მიქაძის პარლამენტში შესვლით საკანონდებლო ორგანო ორპარტიული არ გახდა, არამედ ის კიდევ უფრო ერთპარტიულია.