გია ვოლსკი - „ევროპულმა საქართველომ“ კარგად იცის, რომ პლაკატების ჩამოხევა არ ხდება
გია ვოლსკი - „ევროპულმა საქართველომ“ კარგად იცის, რომ პლაკატების ჩამოხევა არ ხდება

„ევროპულმა საქართველომ“ კარგად იცის, რომ პლაკატების ჩამოხევა არ ხდება, მაგრამ ამაზე ხომ ხშირად უნდა ილაპარაკონ, იქნებ საზღვარგარეთ ვინმეს გააგონონ, ხელისუფლების სახით ისეთი ოპონენტები გვყავს, ვინც პლაკატების ჩამოხევის გარდა, არაფერს აკეთებსო, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ინციდენტს, რომლის დროსაც „ევროპული საქართველოს“ წევრები გორგასლის ქუჩაზე პლაკატების გაკვრას ცდილობდნენ.

საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ვოლსკიმ აღნიშნა, რომ თუკი პლაკატები კანონის დარღვევით განთავსდება, მას შესაბამისი პირები მოხსნიან.

„ვერ წარმომიდგენია, „ქართული ოცნების“ აქტივისტი, თუნდაც, ხელმძღვანელი ან პოლისტაბჭოს წევრი, რომელიც დადის და პლაკატებს ხევს. ეს  წარმოუდგენელია. ერთი შემთხვევა იყო საბავშვო ბაღზე პლაკატების გაკვრის, რაც კანონით დაშვებული არ არის და მოიხსნება, მაგრამ არა რომელიმე აქტივისტის ან პოლიტიკური გუნდის მიერ, არამედ ვინც ამას აკონტროლებს.

კარგად იციან, რომ პლაკატების ჩამოხევა არ ხდება, მაგრამ ამაზე ხომ ხშირად უნდა ილაპარაკონ, იქნებ საზღვარგარეთ ვინმეს გააგონონ, ხელისუფლების სახით ისეთი ოპონენტები გვყავს, ვინც პლაკატების ჩამოხევის გარდა, არაფერს აკეთებსო. მეორე მხრივ კი, იქნებ, ქართულ საზოგადოებაშიც ვიღაცამ დაიჯეროს, რომ „ევროპული საქართველოს“ პლაკატი იყო სადმე გაკრული და მე, ჩემი რომელიმე კოლეგა, ან თუნდაც პარტიის აქტივისტი დავდივართ და ამ პლაკატებს ვხევთ. ასეთი ბრალდება სასაცილოა, მაგრამ დამაფიქრებელიც არის, თუ რაზე შეუძლია წასვლა კონკრეტული პოლიტიკური გუნდის ხელმძღვანელობას, ოღონდ რაღაც პოლიტიკური დივიდენდი მიიღოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.