გია ვოლსკი - წამებაში მონაწილე ადამიანები დღეს რაღაც ციფრებით მანიპულირებენ და გვატყუებენ, თითქოს ბავშვების 70 პროცენტი შიმშილობს
გია ვოლსკი - წამებაში მონაწილე ადამიანები დღეს რაღაც ციფრებით მანიპულირებენ და გვატყუებენ, თითქოს ბავშვების 70 პროცენტი შიმშილობს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელთა დღევანდელი გამოსვლების დროს გამოიკვეთა, რომ მათი საკრარული ოცნებაა, შეჭირვებული ხალხი დაარწმუნონ, რომ გაჭირვება შეზღუდვებმა განაპირობა.

„ამ გამოსვლების დროს ერთი მთავარი მიზანი გამოიკვეთა, მათი საკრარული ოცნებაა, შეჭირვებული ხალხი დაარწმუნონ, რომ გაჭირვება შეზღუდვებმა განაპირობა, ეს შეზღუდვები კი თავის მხრივ განპირობებული იყო არასწორი ეკონომიკური გათვლებით და რაც მთავარია, პოლიტიკური მოსაზრებებით, რომ თურმე მათი მომხრეები უნდა გამოვკეტოთ და ჩვენ მომხრეებს უნდა გავუხსნათ გზა საარჩევნო პუნქტებისკენ. ეს არის მათი მთელი კონცეფცია და ამაზე უნდათ, ააგონ მთელი თავისი დამოკიდებულება. რაც უფრო ხმამაღლა და უზრდელურად, უტიფრად გამოვლენ, ჰგონიათ, რომ მართლა რაღაც პროპაგანდისტულ გავლენას მოახდენენ ადამიანებზე. არ გამოდგა მათი გეგმა ფაროსანასთან დაკავშირებით, გახსოვთ, რა სიხარული და ჟივილ-ხივილი იყო. იგივე ჭიაბერაშვილის მმართველობის პერიოდში, როცა ის ჯანდაცვის მინისტრი იყო, რამდენი ადამიანი ჯანმრთელობის გამო გარდაიცვალა თუნდაც ციხეებში და გამოდის და უტიფრად აცხადებს, რომ ჩვენ თურმე ცე ჰეპატიტის პროგრამა ჩამოგვეშალა. ეს არის კონცეფცია და მათი სახე.

ვერც სანქციები დაგვიწესეს, რა ჟივილ-ხივილი და რა მოლოდინი იყო ამ გაჭირვებულ ქვეყანაში, ამ პირობებში, როდესაც საქართველომ სამშვიდობოზე მოახერხა გასვლა, როგორ ერთი სული ჰქონდათ, სანქციები დაეწესებინათ ჩვენს მიმართ, კონკრეტული ადამიანების, თუნდაც ბიძინა ივანიშვილის მიმართ, სახელმწიფოს, საქართველოს მიმართ. საერთოდ დაგმობას ელოდებოდნენ ამ პოლიტიკის, საარჩევნო პერიოდის, ახლანდელი პერიოდის, ამ განხილვების, სადაც ჩვენ ძალიან სწორ ხაზზე დავდექით, სადაც საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მივიღეთ. რევოლუცია მოინდომეს, ამანაც არ გაამართლა, ყველამ დაინახა, რომ საგარეო კურსი არა თუ უცვლელია, არამედ გაცილებით უფრო ძლიერია ჩვენი მონაწილეობა ყველაფერში, რასაც ევროატლანტიკური ინტეგრაციის მოვალეობებით არის ჩვენ მიმართ განსაზღვრული. ამანაც ვერ გაამართლა და მათდა სასიხარულოდ ისედაც დაპირისპირებულ და უამრავი პრობლემით გადატვირთულ მსოფლიოში გამოჩნდა კორონავირუსი. იქნებ, აქ შევძლოთო და ეკონომიკის დარგი დავიწუნოთ, ჯანდაცვის დარგი დავიწუნოთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვიცე-სპიკერი ოპონენტების მხრიდან ექიმების მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებსაც გამოხმაურა.

„ექიმებთან ბრძოლა გამოაცხადეს ისეთი, რომელიც მერვე საოცრებად შეიძლება მივიჩნიოთ, მატერიალური სახე რომ ჰქონდეს. მთელი მსოფლიო ამბობს, რომ კარგად არის ორგანიზებული არა მხოლოდ ექიმების მიერ, არამედ მთელი დარგის მიერ ბრძოლა ამ სასტიკ გამოწვევასთან. ესენი ამბობენ, რომ ექიმები არიან დამნაშავეები, ექიმები არიან პოლიტიკურად ანგაჟირებულები. შემდეგ კი თავად ქება დაიწყეს ექიმების და ჩვენ გვითხრეს, მათ ხალათს ვართ ამოფარებულები. ესეც ვერ შედგა, ვერც „კოვიდმა“ გაამართლა და ამ არჩევნებში შედეგს როგორ უნდა ელოდონ ადამიანები, ვინც დღეს დაიწყეს საუბარი იმ ოჯახების გაჭირვებაზე, რომლებსაც თვითონ არა თუ აწამებდნენ, არამედ სურვილიც კი გამოთქვეს, რომ გააგრძელონ მმართველობა იმავე რეჟიმში, რასაც სადისტური, სისხლიანი მმართველობა შევარქვით“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისი თქმით, წამებაში მონაწილე ადამიანები დღეს რაღაც ციფრებით მანიპულირებენ და გვატყუებენ, თითქოს ბავშვების 70 პროცენტი შიმშილობს.

„სისხლის ხშირად ხსენებით არ მინდა გამოვიდეს, რომ ბევრი ნაკლოვანები გვაქვს და ასე გვინდა ფონს მარტივად გავიდეთ, ასე ნამდვილად არ არის. ჩვენ აქ სისხლიან ადამიანებს ველაპარაკებით. შეიძლება, პირდაპირ ვერ დაუმტკიცო, რომ უშუალო წვლილი აქვს ადამიანის წამებაში ან სიკვდილში, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ სტრასბურგიდან ჩამოვიდა გადაწყვეტილება, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ სახელმწიფომ აწამა. ეს ვინც მიაღწია სტრასბურგამდე, 27-მა თუ 29 საჩივარმა. ამაში ყველაფერში მონაწილე ადამიანები დღეს რაღაც ციფრებით მანიპულირებენ და გვატყუებენ, თითქოს ბავშვების 70% შიმშილობს მაშინ, როცა არანაირი სტრატეგია თუ პოლიტიკა არ განუხორციელებიათ თუნდაც შეჭირვებული, თუნდაც უნარშეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების დასახმარებლად“, – განაცხადა ვოლსკიმ.

როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ოპონენტების განცხადებების პასუხად აღნიშნა, მათ ტყუილზე უნდათ მიიღონ დამატებითი ხმები და პოლიტიკური შემოსავალი.

„ჩვენ არ ვართ ის ადამიანები, რომლებიც შევხტებით სკამზე და ბიძინა ივანიშვილის სადღეგრძელოს დავლევთ, მაგრამ ამ ადამიანმა ბევრი რამ გააკეთა. ერთი საკითხი მაინც დამისახელოს ვინმემ, სად აქვს ცუდი გაკეთებული ან რა საკითხია, რასაც ვერ გაწვდა ჩვენი ყურადღება. რომელიმემ ერთი თეთრი თუ შეიტანა იმ ბრძოლაში, რასაც ამდენი ხანია, ვაწარმოებთ და არ ვიცით, როდის დამთავრდება. ეს დაგეგმილი ხუთი მილიარდი თითქოსდა ჩამოვიდა და ჯიბეში ჩავიდეთ და გავიქეცით, ზუსტად ამ ილუზიის შექმნა უნდათ საზოგადოებისათვის. ტრანშები მოდის ნელ-ნელა და ერთ ცენტს ვერ დახარჯავ, თუ აქ არ არის მსოფლიო ბანკის და სხვა ფინანსური ინსტიტუტების კონტროლი. ტყუილია ყველაფერი, რასაც ამბობენ და ამ ტყუილზე უნდათ, მიიღონ დამატებითი ხმები და თავისი პოლიტიკური შემოსავალი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნით, ინტერპელაციის წესით მოუსმინეს.

დატოვე კომენტარი