გია ვოლსკი - ევროპული დონის განათლება, ასევე სამეცნიერო და სამედიცინო ცენტრი არის ის, რასაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახი საქართველოსთვის აკეთებს  
გია ვოლსკი - ევროპული დონის განათლება, ასევე სამეცნიერო და სამედიცინო ცენტრი არის ის, რასაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახი საქართველოსთვის აკეთებს  

ევროპული დონის განათლება, ამასთან ერთად სამეცნიერო ცენტრი, სამედიცინო ცენტრი არის ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი, მისი ოჯახი აკეთებს საქართველოსათვის ყოველგვარი ზედმეტი დაყვედრების ან თავის თავის პოპულარიზაციის გარეშე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

გია ვოლსკი „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან“ დაკავშირებით „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის, უნივერსიტეტის დამფუძნებლის, ეკატერინა ხვედელიძის ინტერვიუს გამოეხმაურა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, აღნიშნული ინტერვიუს შემდეგ საზოგადოებამ დამატებითი ინფორმაცია მიიიღო, რას წარმოადგენს პროექტი, რომ ეს არის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

„თავად პროექტი მოემსახურება არა მარტო დღევანდელობას, არა მარტო იმ ხვალინდელ დღეს, რასაც ჩვენ უნდა ვაშენებდეთ, ახალგაზრდები მიიღებენ მაღალი დონის განათლებას ისე, რომ თანხები, რასაც სახელმწიფო ხარჯავს მათ მივლინებაში საზღვარგარეთ, აკუმულირებული იქნება საქართველოში“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისი თქმით, ეს არის მისასალმებელი, რადგან საქართველოს სჭირდება განათლებული ახალგაზრდობა.

„მისასალმებელია და ვფიქრობ, ეს არის მომავალი, რაც ჩვენ გვჭირდება – განათლებული თაობა, განათლებული ახალგაზრდობა, ძლიერი ეკონომიკა და ძლიერი სოციალური პროგრამები ხალხისთვის, ვინც ამას საჭიროებს. ეს არის მთლიანობაში ყველაფერი ერთად ჩადებული ამ პროექტში, რაზეც საუბრობდნენ ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინა ხვედელიძე“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ ფეისბუქგვერდზე დღეს გამოქვეყნდა ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და ,,ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ დამფუძნებლის, ეკატერინა ხვედელიძის ინტერვიუ.  ინტერვიუში საუბარია, როგორ გაჩნდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეა, როგორი იქნება საუნივერსიტეტო ქალაქი და რით იქნება ის გამორჩეული.