გია ვოლსკი - ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ვართ და უნდა ვეცადოთ, ვალდებულებები შევასრულოთ
გია ვოლსკი - ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ვართ და უნდა ვეცადოთ, ვალდებულებები შევასრულოთ

ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ვართ და უნდა ვეცადოთ, ვალდებულებები შევასრულოთ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ თბილისში დაგეგმილ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში რუსული დელეგაციის მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ამავდროულად, საქართველოს კანონმდებლობაც არ უნდა იყოს დარღვეული.

„გვაქვს გამოცდილება რუსული დელეგაციის მიღებისა საკმაოდ მწვავე პერიოდში, მაშინ, როდესაც ჩვენ ვმასპინძლობდით ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას. აუცილებელი იყო ამის გაკეთება, ვინაიდან ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას საერთაშორისო ფორუმის წინაშე. ჩვენ ვართ თავმჯდომარე ქვეყანა და უნდა მივიღოთ, მაგრამ საჭიროა ვეცადოთ, რომ ჩვენი ვალდებულებებიც შევასრულოთ და რასაკვირველია, საქართველოს კანონებიც არ უნდა იყოს დარღვეული. ამის თაობაზე განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ვფიქრობ, უფრო დეტალური ინფორმაცია გვექნება მომავალში.

დიპლომატიური ურთიერთობები აშშ-ს საკმაოდ რთული აქვს ირანთან, კუბასთან, მაგრამ როდესაც ნიუ იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეა იმართება, აქ მასპინძელი მხარე ფორმალურად არის გაერო და არა აშშ. როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ქვეყანა, საქართველო ვალდებულია, ნებისმიერ შემთხვევაში მიიღოს ყველა დელეგაცია ისე, როგორც ამას მოითხოვს საერთაშორისო ფორუმის სამდივნო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

დატოვე კომენტარი