გია ვოლსკი - ევროპარლამენტართა წერილი მეგობრებისგანაა და შინაარსიც მეგობრულია
გია ვოლსკი - ევროპარლამენტართა წერილი მეგობრებისგანაა და შინაარსიც მეგობრულია

ევროპარლამენტარების წერილი მეგობრებისგანაა და შინაარსიც მეგობრულია, – ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი თერთმეტი ევროპარლამენტარის წერილებს, რომლებიც დღეს გავრცელდა.

გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა წერილის შესახებ, რომლითაც ევროპარლამენტარებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს მიმართეს და ია კერზაიას გარდაცვალების საქმის დროული გამოძიებისკენ მოუწოდეს.

„წერილში ხაზგასმულია, რომ ეს მეგობრების წერილია და შესაბამისად, შინაარსიც მეგობრულია, მაგრამ დამაფიქრებელი და სერიოზულია. განსაკუთრებით, გარდაცვლილი ადამიანის თემა ყველას გვაღელვებს და არ მარტო ოჯახს. ამ თემასთან დაკავშირებით საგამოძიებო სტრუქტურებმა ამომწურავი პასუხი დროულად უნდა გასცენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამასთან, გია ვოლსკი გამოეხმაურა ამავე თერთმეტი ევროპარლამენტარის წერილს, რომლითაც ფედერიკა მოგერინის საქართველოში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით მიმართეს. ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ფედერიკა მოგერინის ისინი მოუწოდებენ, საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობაზე ზეგავლენა მოახდინოს.

„რაც შეეხება საარჩევნო სისტემის საკითხებს, ჩვენს მეგობრებსაც და არამეგობრებსაც ვურჩევდი, რომ უფრო დეტალურად გაეცნონ იმ სიტუაციას, რაც დღეს საქართველოშია შექმნილი. საარჩევნო სისტემა დღევანდელი ვითარებისთვის საუკეთესოა, რათა თავი სამთავრობო კრიზის ავარიდოთ. რასაც, ვთქვათ, გერმანია ან რომელიმე ევროპული განვითარებული ქვეყანა გაუძლებს, საქართველოსთვის ეს დამღუპველი იქნება. აქედან გამომდინარეობს ის გადაწყვეტილებაც, რაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მივიღეთ. გარდა ამისა, ადამიანს უნდა შეეძლოს, როგორც ამომრჩეველი იყოს, ასევე თვითონაც არჩეული იყოს იმის მიუხედავად, პარტიაში იქნება თუ არა გაწევრიანებული.

ვფიქრობ, 2024 წლისთვის მთელი რიგი საკითხები და პრობლემები დღის წესრიგიდან მოიხსნება და შეგვეძლება, ქვეყანაში სტაბილურობაზე კოლექტიური პასუხისმგებლობა ავიღოთ. დღეს ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს და ვინც ფიქრობს, რომ პროპორციული არჩევნებით შეიძლება უკეთესი მდგომარეობა დადგეს, ვფიქრობ განზრახ ან გაუთვითცნობიერებლად იმისკენ მოგვიწოდებს, რომ საქართველოში კრიზისი შეიქმნას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.