გია ვოლსკი - ევროინტეგრაციაზე დებატები მნიშვნელოვანი საინფორმაციო ველი იქნება საზოგადოებისთვის, პარტიებს ვალდებულება გვაქვს, გავაცნოთ მათ ჩვენი პოზიცია
გია ვოლსკი - ევროინტეგრაციაზე დებატები მნიშვნელოვანი საინფორმაციო ველი იქნება საზოგადოებისთვის, პარტიებს ვალდებულება გვაქვს, გავაცნოთ მათ ჩვენი პოზიცია

ჩვენი ქვეყანა ეკუთვნის არა პოლიტიკურ პარტიებს, არამედ საზოგადოებას, სადაც განსხვავებული აზრები შეიძლება, იყოს მაგრამ პოლიტიკურ პარტიებს ვალდებულება გვაქვს, მივაწოდოთ მათ ჩვენი პოზიცია და შემდეგ გადაწყვიტონ, ვის დაუჭერენ მხარს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკიმ აღნიშნული კომენტარი გააკეთა ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით დაგეგმილ საპარლამენტო დებატებზე საუბრისას და მის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

როგორც ვოლსკი ამბობს, საზოგადოება გადაწყვეტს, საკითხთან დაკავშირებით ვისი პოზიციაა არგუმენტირებული.

„ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ყველა ეტაპზე – დაწყებული ასოცირების წევრობიდან, შემდეგ იყო თავისუფალი მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, ოპოზიციის ძალისხმევა მიმართული იყო იქით, რომ ეს გადაწყვეტილებები არ ყოფილიყო მიღებული. ამის ერთადერთი მიზანია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არ ჰქონდეს წარმატება ევროინტეგრაციის გზაზე. ამ თემაზე დაგეგმილია პოლიტიკური დებატები პარლამენტში. ვფიქრობ, ეს იქნება მნიშვნელოვანი საინფორმაციო ველი ჩვენი საზოგადოებისათვის. ყველას შევახსენებ, რომ ჩვენი ქვეყანა ეკუთვნის არა პოლიტიკურ პარტიებს, არამედ საზოგადოებას, სადაც განსხვავებული აზრები შეიძლება, იყოს მაგრამ პოლიტიკურ პარტიებს ვალდებულება გვაქვს, მათ მივაწოდოთ ჩვენი პოზიცია და შემდეგ გადაწყვიტონ, ვის დაუჭერენ მხარს. ეს არის ჩვენი შეთავაზება. ირაკლი კობახიძემ გაახმოვანა ის, რასაც ვფიქრობთ. ბოლოს და ბოლოს დავსვათ შეკითხვები და ამ შეკითხვებს გავცეთ პასუხი. ერთმანეთისგან ნუ ველოდებით, რომ თავს დავუკრავთ ან ქედს მოვიხრით. საზოგადოებამ გადაწყვიტოს, ვისი პოზიციაა არგუმენტირებული“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხზე ხვალ საპარლამენტო დებატები გაიმართება.