გია ვოლსკი - „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლის თბილისში გამარჯვება პოლიტიკურად არ გვაწყობდა
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში ლობისტები ვერ ჩაერთვებიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის გუშინდელი განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
კანდელაკმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა გადასახადის გადამხდელთა ფულს იყენებდა, რომ დაქირავებულ ლობისტებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე გიგი წერეთლის არჩევის საწინააღმდეგოდ ემუშავათ.
„ევროპის სახალხო პარტიას“ წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც დაპირისპირება აქვს სოციალურ-დემოკრატიულ ევროპულ პოლიტიკურ ოჯახთან, რომლის წევრებიც ჩვენ ვართ. წერეთელი იქნება თუ სხვა გვარი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის თბილისში გამარჯვება პოლიტიკურად არ გვაწყობდა. გიგი წერეთელი ასამბლეის პრეზიდენტი მოგვიანებით გახდა, რაც პოლიტიკურ პარტიათა შორის შეთანხმების საგანი იყო. „სოციალ-დემოკრატებს” თავიანთი კანდიდატურა აღარ დაუყენებიათ. რასაკვირველია, ერთი კანდიდატურა იყო და გაიმარჯვებდა. გიგი წერეთელმა ადგილი დაიკავა, რომლის მოვალეობასაც ასრულებდა. თავმჯდომარე თანამდებობიდან ვადაზე ადრე წავიდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
საქართველოს პარლამენტის წევრი, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად 2018 წლის 11 ივლისს აირჩიეს. გადაწყვეტილება ბერლინში, საპარლამენტო ასამბლეის 27-ე სესიაზე მიიღეს. გიგი წერეთელი აღნიშნულ თანამდებობას საპარლამენტო ასამბლეის 2019 წლის სესიამდე დაიკავებს.