გია ვოლსკი - ერთია, რას ამბობს ვიოლა ფონ კრამონი და სხვა არის რეალობა
გია ვოლსკი - ერთია, რას ამბობს ვიოლა ფონ კრამონი და სხვა არის რეალობა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ევროპარლამენტში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველომ ის ადგილი უნდა განიმტკიცოს, რომელიც ევროსტრუქტურებში მიიღო.

გია ვოლსკიმ აქცენტი გააკეთა ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მიერ ევროპარლამენტში დებატებისას გაკეთებულ განცხადებაზე, რა დროსაც მან საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, გაათავისუფლოს გიორგი რურუა და ამით შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება.

„ფოტიგამ განაცხადა, რომ რურუა არის პოლიტიკური პატიმარი და ამით ყველაფერია ნათქვამი. ნებისმიერი სხვა შეფასება მის სუბიექტივიზმზე და პოლიტიკურ გემოვნებაზე მეტყველებს. ვიღაცამ უკარნახა, ეს წარსულში დარჩა და ზუსტად იცის, რას წარმოადგენს გინდ გიორგი რურუა და გინდ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც თუნდაც ჩართული იყო პარლამენტის აღების ოპერაციაში. ამას რომ კარგად გაითავისებ და კვლავ გაქვს ისეთი შეფასება, რაც ფოტიგას ჰქონდა, მგონი, უკვე ყველაფერი ნათქვამია მისი პოლიტიკური გემოვნების, დაინტერესების შესახებ და ასევე თუ რომელ პოლიტიკურ პლატფორმაზეა ეს ადამიანი. გვაერთიანებს ის, რომ საქართველომ ის ადგილი უნდა განიმტკიცოს, რომელიც ევროსტრუქტურებში მიიღო. ევროკავშირში ასოცირებული წევრობა ნიშნავს პასუხისმგებლობასაც და სწორედ იმ ფასეულობებით არჩევნების ჩატარებას, რასაც დღეს ევროპარლამენტისგან ვისმენთ. თუნდაც, ჩვენი კოლეგებისგან, ზოგი ამაზე გულწრფელად საუბრობს, ზოგი შეფარვით და საქართველოს მიმართ არაკეთილგანწყობით. საქართველომ უნდა განამტკიცოს იმიჯი, რაც მოიპოვა“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

რაც შეეხება გერმანელი ევროპარლამენტარის, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას, რომლის მიხედვითაც: „საქართველო რეგიონში ლიდერია, თუმცა ზოგიერთი პრობლემა კიდევ დასაძლევია. შიდა ასპარეზზე მილიარდერი ივანიშვილის ჩრდილოვანი მმართველობა ემუქრება დემოკრატიას, საგარეო ასპარეზზე რუსეთი აგრძელებს ჰიბრიდულ ომს“. ვოლსკის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სახელმწიფოში ადამიანებს არ აწამებენ.

„ბიძინა ივანიშვილის მოსვლის შემდეგ სახელმწიფოში ადამიანებს არ აწამებენ და არ კლავენ, რაზედაც სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ იყო წინა ხელისუფლების პერიოდში. დაადასტურა ისიც, რომ რურუა არ არის პოლიტიკური პატიმარი, ახლა რას იტყვის ვიოლა ფონ კრამონი, ეს არის მეორე და რეალობა არის სხვა“, – აღნიშნა ვოლსკიმ.