გია ვოლსკი - ეჭვი მიჩნდება, გერმანული მოდელი განგებ არის შემოთავაზებული, რათა შემდეგ „ქართული ოცნების“ მხრიდან სიხისტეზე ილაპარაკონ
გია ვოლსკი - ეჭვი მიჩნდება, გერმანული მოდელი განგებ არის შემოთავაზებული, რათა შემდეგ „ქართული ოცნების“ მხრიდან სიხისტეზე ილაპარაკონ

თუ ჰგონიათ და დარწმუნებულები არიან, რომ კვლევები, რასაც „ენდიაი“ დებს, მართებულია, რამ შეაშინათ? გამოვიდნენ და მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და მოიგონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„ნაცმოძრაობა ცდილობს, რევოლუციური რეჟიმი განავითაროს, გეგმა განავითაროს, რაზეც 2014 წლიდან უკვე ღიად ლაპარაკობს სააკაშვილი და მთელი მისი ეს დაჯგუფება. აბსოლუტურად გამოჩნდა, რომ თავადაც ზუსტადაც კარგად ესმით, რომ ეს მოდელი, რასაც გვთავაზობენ არა თუ არ შეესაბამება ქართულ კონსტიტუციას, ქართულ სინამდვილეს, არამედ შეიძლება, სერიოზული ზიანის მომტანიც აღმოჩნდეს. უკვე დღევანდელი მონაცემებით ეჭვი მიჩნდება, რომ ეს არის განგებ გაკეთებული, რათა შემდეგ „ქართული ოცნების“ მხრიდან სიხისტეზე ილაპარაკონ და ხალხს ისევ მოუწოდონ „ქართული ოცნების“ ბოიკოტირებისკენ. ეს არის ერთადერთი მიზანი, ასე მგონია, იმდენად წარმოუდგენლად შეუსაბამოა ეს კანონი და კონსტიტუცია ერთმანეთთან“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, რწმენა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები და ქვეყნების წარმომადგენლები მხარს დაუჭერდნენ ოპოზიციის წინადადებას, აბსოლუტურად არ გამართლდა.

„ყველამ ნათლად დაინახა, რომ სხვა ალტერნატიული წინადადება არ მოუტანიათ. მათი აზრი მდგომარეობდა იმაში, როგორმე ისეთი წინადადება დააყენონ, რომ არათუ სახელმწიფო, პატიოსანი იურისტიც უარყოფს, ეს არის მათი მთავარი ამოცანა. კონსულტაციები უნდა გაგრძელდეს ჩვენს საერთო პარტნიორებთან. შეიძლება, რამე ფორმულა მოიძებნოს. გარდა ამისა, არაფერი უკანონო და ანტიკონსტიტუციური არ ხდება. თუ ვინმეს, მათ შორის ამ პიროვნებებს, ვინც დღეს დგანან და ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ, რეალურად სწამთ, რომ რაღაც მხარდაჭერა აქვთ, გამოვიდნენ და შეეჯიბრონ თავის ოპონენტს, ჩაატარონ ღია თუნდაც მაჟორიტარული არჩევნები ან პროპორციული არჩევნები, რომელიც ასევე 77 მანდატს მოიცავს, ან თუ ჰგონიათ და დარწმუნებულები არიან, რომ ის კვლევები, რასაც „ენდიაი“ დებს, მართებულია, რამ შეაშინათ? გამოვიდნენ და მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და მოიგონ. დამისახელეთ რაიონი და ადამიანი, რომელსაც შეუძლია ამის გაკეთება. ეგ ერთი. მეორე – სწორედაც ეს ხომ არ არის მიზეზი იმისა, რომ დესტრუქციული პოზიციით მიაყენონ ქვეყანას ზარალი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.