გია ვოლსკი - ეჭვი მაქვს, ოპონენტებს არჩევნები არ უნდათ, რადგან მათი მოწოდებები უტოპიურია
გია ვოლსკი - ეჭვი მაქვს, ოპონენტებს არჩევნები არ უნდათ, რადგან მათი მოწოდებები უტოპიურია

საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, ხელისუფლების ოპონენტებს არჩევნები არ უნდათ, რადგან უტოპიურია მათი მოწოდებები და საკითხები, რასაც გვთავაზობენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც ე.წ. პოლიტპატიმრების საკითხზე ოპოზიციის ლიდერების შეფასებებს გამოეხმაურა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თქმით, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან.

„ოპოზიციის განცხადებები რომ გადავთარგმნოთ, ასე გამოდის – თუ ხელისუფლება არ აღიარებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები ჰყავს და მით უმეტეს, ამ პოლიტპატიმრებს არ გაათავისუფლებს, მათი მოსაზრებით, ეს შეთანხმება არ შედგება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს იმას ნიშნავს, რომ ოპოზიცია შეთანხმებას არ აპირებს, ვინაიდან პატიმრების გათავისუფლების მექანიზმს პოლიტიკოსები არ ფლობენ. აღარ არსებობს მექანიზმი, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდათ, როცა ვისაც უნდოდათ იჭერდნენ და ვისაც უნდოდათ უშვებდნენ. მეორე და მთავარი საკითხია, რომ პოლიტიკური პატიმრები საქართველოში არ არიან. თუ რომელიმე ადამიანი იტყვის, რომ კონკრეტული პიროვნებების მიმართ წაყენებული ბრალდება ტყუილია და ამას დაასაბუთებს, აღნიშნულ თემას შესაბამისი განხილვა ექნება, მაგრამ ეს არის უტოპია. პოლიტიკოსები ასეთ საკითხებს არ წყვეტენ. გარდა ამისა, ადამიანები, ვისზეც ისინი საუბრობენ, დამნაშავეები არიან“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში პოლიტიკური ნებით არც ერთი მსგავსი საკითხი არ გადაწყვეტილა.

„რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, პოლიტიკური ნებით არც ერთი საკითხი არ გადაწყვეტილა. ჩვენ ასეთი პოლიტიკური ნებით გადაწყვეტილი საკითხები მაშინ გვახსოვს, როდესაც ადამიანებს ორ წუთში ასამართლებდნენ და უსჯიდნენ იმდენს, რამდენსაც საჭიროდ მიიჩნევდნენ“, – დასძინა გია ვოლსკიმ.