გია ვოლსკი - ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია შეუთავსებელია საერთაშორისო სტანდარტებთან, რადგან მოწოდებულია, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნას
გია ვოლსკი - ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია შეუთავსებელია საერთაშორისო სტანდარტებთან, რადგან მოწოდებულია, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნას

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია შეუთავსებელია საერთაშორისო სტანდარტებთან, რადგან მოწოდებულია, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნას.

გია ვოლსკი ვადამდელი არჩევნების თაობაზე გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ოპონენტები საკმაოდ უხერხულ ვითარებაში ჩავარდნენ, რადგან არაადეკვატური ლიდერი მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას დაპირისპირების, სახალხო მღელვარებისა და რევოლუციური სცენარის განვითარებისკენ მოუწოდებს.

„მეორე მხრივ, საერთაშორისო სტანდარტი მოუწოდებთ, რომ ცივილიზებულად იმოქმედონ. სადღაც შუალედური პოზიცია შეარჩიეს, რათა თავის მხარდამჭერებს იმედი და ენთუზიაზმი არ გაუქრონ. ალბათ, საზოგადოება სწორ დასკვნებს გააკეთებს, ეს ადამიანები ქვეყანას საითკენ მიაქანებენ. სახელმწიფოს რესურსი გააჩნია, რათა დესტაბილიზაცია თავიდან აირიდოს. სიტუაციას შეხედეთ, სატრანზიტო ქვეყანაში დესტაბილიზაცია ვის აწყობს და სააკაშვილი ვისი სცენარით მოქმედებს”, – აღნიშნავს ვოლსკი.

დეპუტატის შეფასებით, გაერთიანებულ ოპოზიციაში ვითომ პარტიები არიან, რომელთაც გადაწყვეტილების მიღება და მხარდამჭერების შეგულიანება რთულ მდგომარეობაში უწევთ.

“ერთი მხრივ, ავანტიურისტი, არაადეკვატური მოწოდებები და რევოლუციური სცენარია, სააკაშვილი ეკრანიდან მიესალმებათ, ხოლო მეორე მხრივ, საზოგადოებას ვაშაძისა და ოპოზიციის პოლიტიკური მომავალი არ აინტერესებს. ამასთანავე, საერთაშორისო დამოკიდებულება არსებობს არჩევნების ლეგიტიმურობის შესახებ და ამ ვითარებაში „ოპტიმალური“ გადაწყვეტილება მოიგონეს, რომ შედეგები არ აღიარონ და ხალხს მიტინგისკენ მოუწოდეს. გაერთიანებულ ოპოზიციას არანაირი რესურსი არ გააჩნია, რომ პოზიტიური, კონსტრუქციული და რეალური ოპოზიცია იყოს. ეს ოპოზიცია საერთაშორისო სტანდარტებთან შეუთავსებელია, რომელიც მოწოდებულია, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაია შექმნას”, – განაცხადა ვოლსკიმ.