გია ვოლსკი - ძალიან დიდი ოდენობით არასწორი ინფორმაცია მიეწოდება ხალხს იმ იმედით, რომ უმეცრება გადააჭარბებს ცოდნასა და გამოცდილებას
გია ვოლსკი - ძალიან დიდი ოდენობით არასწორი ინფორმაცია მიეწოდება ხალხს იმ იმედით, რომ უმეცრება გადააჭარბებს ცოდნასა და გამოცდილებას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ ბიუროს სხდომაზე მიმდინარე მოვლენები შეაფასა. მან ყურადღება გაამახვილა სამ ასპექტზე, რომელიც მისი თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ გაიხსენოს და გაიაზროს.

„ნომერი პირველი საკითხი არის სიმბოლო „ნაცმოძრაობისა“, რომელსაც აუცილებლად ეწერა აღზევება, რომ არა ძალიან მკაფიო პოზიცია და საზოგადოების განწყობა ამ სიმბოლოების მიმართ. ეს სიმბოლო არის კასრები, ეს კი არა, ქუჩაში რომელიც იყო, ის კასრები, რომელიც აღმოაჩინეს საწამებელ ადგილებში და ის ყავარჯნიანი კაცი, რომელიც ძალადობდა. აი, ამ ყავარჯნებიდან ჩამოგდების გამო არის სწორედ ბიძინა ივანიშვილის სახელი ყველაზე საძულველი და ყელში გაჩხერილი იმ ადამიანებისთვის ვინც ამ სიმბოლოებს წარმოადგენდა და დღესაც წარმოადგენს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მეორე ასპექტი, რაზეც უმრავლესობის ლიდერმა გაამახვილა ყურადღება, არის დეზინფორმაცია, კერძოდ ის, რომ მედია საშუალებების ინფორმაციით, სპეცოპერაცია ჩატარდა იმისთვის, რომ პარლამენტში ბიუროს სხდომა გამართულიყო. გია ვოლსკის განმარტებით, მედია არ საუბრობს იმაზე, რომ არსებობს დღის წესრიგი, რომელმაც უნდა შეცვალოს ის მდგომარეობა, რომელიც აქვს მასწავლებლებს, პოლიციელებს, ჯარისკაცებს, „ყველას, ვისაც ფორმა აცვია, იმ ადამიანებს ვინც ჩვენ გვემსახურება, სახელმწიფოს ემსახურება, ჩვენს შვილებს ემსახურება“.

„თითქოს ეს საკითხები არ არსებობს და თითქოს ბიუროს დღის წესრიგი მხოლოდ იმაშია, რომ როგორმე ჩვენი პოზიცია პოლიტიკურ ასპარეზზე გავაძლიეროთ. და დღეს, ამასთან დაკავშირებით ამდენი მედია, რომელიც პრინციპულად იქცა „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდისტულ ქვეგანყოფილებად, თითქოსდა მათი არსებობა ოდესმე იქნებოდა შესაძლებელი თავის პოლიტიკური პროფილით, რომ არა მედია თავისუფლება, რომელიც დღეს არსებობს. ამაზე გავამახვილე ყურადღება, რადგან ძალიან დიდი ოდენობით არასწორი ინფორმაცია მიეწოდება ხალხს იმ იმედით, რომ უმეცრება გადააჭარბებს ცოდნას და გამოცდილებას, რომელიც საზოგადოებას გააჩნია. შეცდნენ, ეს ასე არ იქნება“, -განაცხადა გია ვოლსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ უმრავლესობა ძალიან სერიოზული გამოცდის წინაშე იდგა, რადგანაც აზრი რეალურად გაიყო.

„ამათმა რაც არ უნდა ისაუბრონ იმაზე, რომ პარტიის ლიდერი განაპირობებს ყველაფერს და მისი ერთი დაძახება საკმარისია იმისთვის, რომ ყველა იყოს ერთსა და იმავე აზრზე, არ არის ასე. მე რაც ვიცნობ ბიძინა ივანიშვილს, არასდროს არ ყოფილა ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება იმ დღის წესრიგში, რომლითაც ვიცხოვრეთ დღემდე. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი პოლიტიკური ძალისხმევა და შეგნება გამოვავლინეთ მაშინ, როდესაც სხვადასხვა პოზიციებზე მდგომმა კოლეგებმა გადავწყვიტეთ, რომ ერთიანობა შეგვენარჩუნებინა. ერთმანეთს ვუთხარით, რომ სახელმწიფო ვერ აიტანს კიდევ ერთ სერიოზულ დარტყმას, თუნდაც უმრავლესობის დაშლას და დაპირისპირებას, რაც გაახარებდა იმ ადამიანებს, ვისაც დესტაბილიზაცია მთავარ ამოცანად მიაჩნიათ“,- აღნიშნა ვოლსკიმ.

გია ვოლსკიმ კოლეგებს მიმართა, რომ ეს ასპექტები გასათვალისწინებელია.

„მომავალში ყველამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ შევუწყოთ ხელი სახელმწიფოს, როგორი კანონები მივიღოთ, როგორ გავაუმჯობესოთ ხალხის სოციალური მდგომარეობა და ის საკითხები, აუცილებლად საზოგადოებამდე მიტანილი უნდა იყოს ისე, რომ ვერანაირად ვერ გადაფაროს ვინ ვისზე რა თქვა, ვინ ვის შეაგინა, ვინ ვის მუშტი მოუღერა. ხალხმა უნდა იცოდეს, რას წარმოადგენს ჩვენი ბიუჯეტი და რას წარმოადგენს ჩვენი მომავალი ამოცანა სტაბილურობის მისაღწევად“, – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ.

დატოვე კომენტარი