გია ვოლსკი - ძალიან ცუდ ხასიათზე დადგნენ, ისეთი სიტყვები გამოიყენეს, რაც არათუ დეპუტატს, არამედ ქუჩაში მთვრალ ადამიანს არ ექნება, რომელსაც ცუდი სიმთვრალე აქვს
გია ვოლსკი - ძალიან ცუდ ხასიათზე დადგნენ, ისეთი სიტყვები გამოიყენეს, რაც არათუ დეპუტატს, არამედ ქუჩაში მთვრალ ადამიანს არ ექნება, რომელსაც ცუდი სიმთვრალე აქვს

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს მთავრობას აძლევს საშუალებას, სიტუაცია მართოს იმდაგვარად, რომ არ დაემუქროს დაავადების საფრთხე საზოგადოებას და გადავარჩინოთ ქვეყნის დამაიმედებელი მონაცემები, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკის განაცხადა.

მისივე თქმით, კანონპროექტის მეორე მიზანია იყო ის, რომ პარლამენტმა შეძლოს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, რომელიც საგანგებო რეჟიმში მიღებული ვერ იქნება.

„შეზღუდვები მხოლოდ 15 ივლისამდე გაგრძელდება და მეორე მიზანი სწორედ ის არის, რომ გვქონდეს საშუალება საგანგებო მდგომარეობა მოვხსნათ, რადგან საჭიროა, მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც საგანგებო რეჟიმში მიღებული ვერ იქნება. ამ პირობებში ოპოზიციის დამოკიდებულება საკითხისადმი გასაკვირიც არის და იმ ადამიანების ეჭვებს აძლიერებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ოპოზიციას გადაწყვეტილი აქვს დესტრუქციული გზით გააგრძელოს თავისი პოლიტიკური საქმიანობა. საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მუქარაზე რატომღაც შეკითხვები გაისმის სულ მმართველი გუნდის მიმართ. არც ერთი კითხვა არ დასმულა, რა უნდათ დეპუტატებად წოდებულ ადამიანებს, რომლებიც გეუბნებიან, რომ არ მიიღო ის ზომები რომ მოხსნა საგანგებო ვითარება და შესაბამისად არ გიჩვენებენ გზას, მაშ ამ ვითარებიდან როგორ გამოვიდეთ. პირდაპირ აპელირებენ იმაზე, თითქოსდა, კონსტიტუციური უფლებები ირღვევა ადამიანების, ეს არის ძალიან საკამათო თემა, არ ირღვევა. უმრავლესობა მზად არის, ცვლილებები მიიღოს. პოლიტიკური მახის მცდელობები მათი მხრიდან ყოველ დღე არის, უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო. ძალიან ცუდ ხასიათზე დადგნენ, როცა საგანგებო მდგომარეობის ნაცვლად ხელისუფლებისთვის დამატებითი მექანიზმების მინიჭების ვადა დავნიშნეთ. რატომღაც, უკვე შეურაცხყოფაზე გადავიდნენ და ისეთი სიტყვები გამოიყენეს, რაც არათუ დეპუტატს, არამედ ჩვეულებრივ ქუჩაში მთვრალ ადამიანს არ ექნება, რომელსაც ცუდი სიმთვრალე აქვს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებების პაკეტი, რომლითაც მთავრობას 15 ივლისამდე შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გარეშეც შეეძლება.