გია ვოლსკი - ძალადობის საფუძველი იყო, როცა პიროტექნიკას ესროდნენ პოლიციას, წვავდნენ ქუჩებსა და პარლამენტის შენობას, არა მხოლოდ ორმაგი სტანდარტი, არამედ უტიფრობაა, როცა ამას არ აანალიზებ
გია ვოლსკი - ძალადობის საფუძველი იყო, როცა პიროტექნიკას ესროდნენ პოლიციას, წვავდნენ ქუჩებსა და პარლამენტის შენობას, არა მხოლოდ ორმაგი სტანდარტი, არამედ უტიფრობაა, როცა ამას არ აანალიზებ

ძალადობის საფუძველი იყო, როცა პიროტექნიკას ესროდნენ პოლიციას, წვავდნენ ქუჩებსა და პარლამენტის შენობას. არა მხოლოდ ორმაგი სტანდარტი, არამედ უტიფრობაა, როცა ამას არ აანალიზებ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი გამოეხმაურა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „ წარვადგინეთ სანქციები მათ მიმართ, ვინც პროტესტის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობას იყენებს. ამ ეტაპზე ვერ შევძელით ორი ქვეყნის დარწმუნება, მაგრამ მცდელობას გავაგრძელებთ“.

„კაია კალასი უნდა დაფიქრდეს და პასუხი გასცეს კითხვას: რატომ აწარმოებდა და აწარმოებს მისი ქმარი რუსეთში ბიზნესს, მილიონიანი შემოსავლები რატომ აქვს და ეს ხომ არ არის ორმაგი სტანდარტი? რასაკვირველია, სანქციები შეუძლია მოითხოვოს, მაგრამ მოძალადის მიმართ. მოძალადეობა რამ წარმოშვა, რამ განაპირობა, რისთვის იყო ეს მოძალადეობა? პიროტექნიკას როდესაც ესროდნენ პოლიციას, ქუჩებსა და პარლამენტის შენობას წვავდნენ, ეს იყო ძალადობის თავდაპირველი საფუძველი და მიზეზი. ამას რომ არ აკეთებ, არ აანალიზებ და შემოდიხარ ისე, რომ ერთ პოლიტიკურ ჯგუფს დაუჭირო მხარი, ცდილობ, მეორე როგორმე ჩააყენო უხერხულ მდგომარეობაში, რასაკვირველია, არა მხოლოდ ორმაგი სტანდარტი, არამედ უტიფრობა, უნამუსობაა. ამას პოლიტიკური მანიპულაცია ჰქვია. როგორ შეიძლება ეს, რა დავიმსახურეთ და რითი? რის გამო დავიმსახურეთ? საქართველომ რომ სტაბილურობა შეინარჩუნა და ნგრევის საშუალება არ მივეცით? შეიძლება, რაღაც გადაცდომები იყოს ისე, როგორც ხდება დემოკრატიებში. გერმანიაში, საფრანგეთში ამდენი ადამიანი დაიღუპა. ამ ჯახის დროს ადამიანები დაშავდებიან, იციან, რომ ეს აუცილებლად მოხდება და, რასაკვირველია, ამას უნდა შესაბამისი ანალიზი. როდესაც ასე ხისტად გამოდიხარ, როდესაც შენი ოჯახი მილიონებს შოულობს რუსეთში, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, რასაკვირველია, ამას ობიექტურ შეფასებას ვერ დავარქმევთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.