გია ვოლსკი - დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები საბჭოთა პერიოდის გადაწყვეტილებაა და ეს არ არის ის, რასაც დემოკრატია ჰქვია
გია ვოლსკი - დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები საბჭოთა პერიოდის გადაწყვეტილებაა და ეს არ არის ის, რასაც დემოკრატია ჰქვია

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს, გია ვოლსკის მიაჩნია, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები საბჭოთა პერიოდის გადაწყვეტილებაა და ეს არ არის ის, რასაც დემოკრატია ჰქვია.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, გადაწყვეტილება მიღებულია იქიდან გამომდინარე, რა პოლიტიკური ინტერესი აქვს კონკრეტულ ქვეყანას.

„სულ ახლახან ვიხილეთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდებდა და მას დამნაშავედ თუ არა, უმძიმეს დანაშაულზე ხელის დამფარებლად ასახელებდა. პოლიტიკურ ველზე, შეიძლება, აზრთა სხვადასხვაობა იყოს. ამერიკისა და ბრიტანეთის ეს დაპირისპირება და პოლემიკა კარგი მაგალითია, მაგრამ ადამიანების მიმართ რომ სანქცია დააწესო, მით უმეტეს, ქონებასა და ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა და გადაადგილება შეუზღუდო, ეს არის არქაული, რაღაც საბჭოთა პერიოდის გადაწყვეტილება. ეს არ არის ის, რასაც დემოკრატია ჰქვია. ძალიან სამწუხაროა და ამავე დროს ამაღელვებელია, რომ თანამედროვე ევროპაში, 21-ე საუკუნეში ასეთი უტიფარი, არქაული გადაწყვეტილებები შეიძლება კონკრეტული ადამიანების მიმართ იყოს მიღებული“, – განაცხადა ვოლსკიმ.