გია ვოლსკი - დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა განსაზღვრულია კანონითა და რეგლამენტით
გია ვოლსკი - დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა განსაზღვრულია კანონითა და რეგლამენტით

გამამტყუნებელი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა განსაზღვრულია კანონითა და რეგლამენტით, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, საჭიროა იყოს კანონთან შესაბამისობა.

დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა განსაზღვრულია კანონითა და რეგლამენტით, თუ სასამართლო გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას მიიღებს. ამის შემდეგ მას უწყდება უფლებამოსილება. ჩემი ადამიანური პოზიცია, როგორც პარლამენტის წევრის და მის გარეშეც, ლოიალურია ყველა ადამიანის მიმართ, ვინც შეცდა და დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ ჩემი პირადი ადამიანური დამოკიდებულებები და ჩემნაირი ძალიან ბევრია, მოარყევს სახელმწიფო სისტემას, თუ კანონთან შესაბამისობა არ გვექნება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე 12 დეკემბერს იმსჯელებს. ამ საკითხის განხილვის მიზნით, დღის პირველ ნახევარში კომიტეტის სხდომა გაიმართება, საკითხის წარდგენა კი მოგვიანებით, პლენარულ სხდომაზე მოხდება. როგორც საქართველოს პირველ არხს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილებაა. „ეს არის ფორმალური ნაწილი, რადგან კონსტიტუციური ჩანაწერი უნდა შესრულდეს იმ პირის მიმართ, რომელიც სასამართლოს მიერ დამნაშავედ არის ცნობილი“, – აღნიშნავს მაჭარაშვილი.

რეგლამენტის გათვალისწინებით, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას სულ მცირე 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.