გია ვოლსკი - დებატების გამართვა იგულისხმება იმ ადამიანებს შორის, რომლებიც, საპირისპირო აზრის მიუხედავად, ქვეყნის უკეთეს მომავალზე ფიქრობენ და არა იმ ხალხს შორის, ვინც დანაშაული ჩაიდინა
გია ვოლსკი - დებატების გამართვა იგულისხმება იმ ადამიანებს შორის, რომლებიც, საპირისპირო აზრის მიუხედავად, ქვეყნის უკეთეს მომავალზე ფიქრობენ და არა იმ ხალხს შორის, ვინც დანაშაული ჩაიდინა

ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ დებატებზე არ დასხდებიან და რაღაც პირობებს აყენებენ, ქვეყანასთან არიან დაპირისპირებული, სალაპარაკო არაფერი აქვთ და რაღაც მიზეზებს იგონებენ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, „დებატების გამართვა იგულისხმება იმ ადამიანებს შორის, რომელთაც საპირისპირო აზრი აქვთ და, ამავე დროს, ქვეყნის უკეთეს მომავალზე ფიქრობენ“.

„დებატებში ვერ დავსხდებითო, ეს მოგონილი მიზეზია. რაზე უნდა ილაპარაკონ, როგორ გადაუარეს ქვეყანას, როცა მართვის ბერკეტი ჰქონდათ ხელში, რა მემკვიდრეობა დატოვეს და როგორ ჩაყარეს ახალგაზრდები იმ მდგომარეობაში, როდესაც კანონს დაუპირისპირდნენ და ქვეყნის მუდმივი რყევა მათ პროფესიად იქცა? რაზე უნდა ისაუბრონ, რომელი დარგის განვითარებაზე, საგარეო ურთიერთობებზე თუ საშინაო პოლიტიკაზე? ქვეყანასთან დაპირისპირებული ადამიანები არიან, რომლებიც ამბობენ, რომ დებატებზე არ დასხდებიან და რაღაც პირობებს აყენებენ. მდგომარეობა მძიმეა და დებატებს იმიტომ ვთავაზობთ, რომ საზოგადოებამ დასკვნები გამოიტანოს. დებატები საჭიროა, ადრე თუ გვიან უნდა დაიწყოს, რადგან საზოგადოების დაყოფის იდეა და ამ მიზნით უამრავი ფულის ხარჯვა დივერსიის ერთ-ერთი ფორმაა. ეს დივერსია საქართველოს წინააღმდეგ ხორციელდება. ვინც ბოროტება ჩაიდინა, ვის პროფესიადაც ბოროტების ჩადენა იქცა, ის ადამიანები თავს იმართლებენ, „რეჟიმთან“ რა უნდა ვილაპარაკოთო. ეს მაშინ, როცა თავად დამნაშავეთა კლანია, შეთქმულთა ჯგუფი საქართველოს წინააღმდეგ. მათ სალაპარაკო არაფერი აქვთ და რაღაც მიზეზებს იგონებენ. დებატების გამართვა იგულისხმება იმ ადამიანებს შორის, რომელთაც დაპირისპირებული აზრი აქვთ, მაგრამ, ამავე დროს, ქვეყნის უკეთეს მომავალზე ფიქრობენ, და არა იმ ხალხს შორის, ვინც დანაშაული ჩაიდინა და დღეს თავს იმართლებენ, რატომ არ შეუძლიათ დებატებში ჩართვა. მათ უტიფარი ვერსია აქვთ, თითქოს დემოკრატიის მცველები არიან და „რეჟიმთან“ საუბარი არ უნდათ. დებატების შეჩერების მიზეზი ის იყო, რომ დებატები არ არსებობდა, ეს იყო ტოქსიკური გარემო, სადაც ადამიანები ერთმანეთს უყვიროდნენ და ვისაც უფრო მაღალი ხმა ჰქონდა, ეგონა, თავისი პროპაგანდით საზოგადოებაზე უფრო მეტ გავლენას მოახდენდა. სწორედ ამიტომ შეწყდა. დებატების გახსნაზე როცა ვსაუბრობთ, ეს იმავე ტოქსიკურ გარემოში დაბრუნებას არ გულისხმობს, რასაც მაშინ მიაღწიეს. დებატების თაობაზე განცხადებას უახლოეს პერიოდში გავაკეთებთ, მაგრამ არ ვგულისხმობთ, რომ იმავე ტოქსიკურ გარემოში უნდა დავბრუნდეთ. დებატებში რომ არ შემოდიან, ამის ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ ადამიანები, რომელთაც სისხლში აქვთ ხელი და მომავალშიც ამ სისხლზე ფიქრობენ, დებატებში ვერ დასხდებიან“, – განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქართველ ხალხს არჩევანის სწორი ანალიზით გასაკეთებლად, საშუალება უნდა მიეცეს, საჯაროდ მოისმინოს ყველა ჯგუფის პოზიცია, ვისაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს.

„ვალდებული ვართ, დავუბრუნოთ ხალხს დებატებით სარგებლობის უფლება და არ მივცეთ საშუალება არაფორმალურ ძალებს, მის „ქართველ“ აგენტურას, საკუთარი დღის წესრიგი მოგვახვიონ თავს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.