გია ვოლსკი - დავით გარეჯის საკითხზე გადასამოწმებელია ყველა ინფორმაცია, არც პროვოკაციას გამოვრიცხავ
გია ვოლსკი - დავით გარეჯის საკითხზე გადასამოწმებელია ყველა ინფორმაცია, არც პროვოკაციას გამოვრიცხავ

დავით გარეჯის საკითხზე გადასამოწმებელია ყველა ინფორმაცია, არც პროვოკაციას გამოვრიცხავ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„ყველას უნდა დაველაპარაკოთ, ეკლესიასაც, აზერბაიჯანსაც, რადგან დიპლომატიური ხაზები არსებობს. გადასამოწმებელია ყველა ინფორმაცია, რომელიც საკითხს ეხება. არც პროვოკაციას გამოვრიცხავ. ფაქტია, ამ თემაზე მუშაობაა საჭირო. ეს ერთ-ერთი გამოწვევაა, რომელიც ქვეყანას აქვს, თუმცა ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, რაც საქართველო-აზერბაიჯანს გააჩნიათ, ეს პრობლემა დღის წესრიგში აღარასოდეს არ უნდა დადგეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის ინფორმაციაზე, რომ აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს და სასულიერო პირებს მონასტერში აღარ უშვებენ, კომენტარი გააკეთეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. საგარეო უწყების წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ქედს მიღმა გადამსვლელი ნაკადი შეზღუდეს და საკითხის გადაწყვეტას დრო სჭირდება. მისივე თქმით, აზერბაიჯანულ მხარესთან მუშაობენ, რათა შეუფერხებლად მოხდეს ტურისტების გადაადგილება.