გია ვოლსკი - დარწმუნებული ვარ, მოვლენების ასე განვითარებას ქუცნაშვილიც არ ელოდებოდა
დარწმუნებული ვარ, მოვლენების ასე განვითარებას ქუცნაშვილიც არ ელოდებოდა, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ზაქარია ქუცნაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს.
ვოლსკი აცხადებს, რომ რუსეთის დელეგაციის მართლმადიდებულ ფორუმზე საქართველოში ჩამოსვლა ახალი არ არის, რუსები ოკუპაციის შემდეგაც ჩამოდიოდნენ.
„საქართველოში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჩატარდა და თბილისში რუსეთის საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია იმყოფებოდა. ფაქტი, რომ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი პარლამენტის სავარძელში ჩამჯდარიყო, საქართველოს ისტორიაში არ მომხდარა.
თემა ეს არის, თორემ, საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა და ამ პერიოდში საქართველოში ფორუმის ჩატარება მოხდება და პრობლემა დელეგაციის ჩამოსვლაში არ არის, რაც უნდა დაპირისპირება იყოს, სახელმწიფოების მიერ დელეგაციების მიღება საერთაშორისო ვალდებულებაა.
სავარძელში ჩაჯდომის ფაქტია თემა, თორემ, ოპოზიციაც საქმის კურსში იყო. საბერძნეთში ჩატარებულ ასამბლეაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელიც იყო და გადაწყდა, რომ შემდეგი ასამბლეა თბილისში უნდა ჩატარებულიყო. ოპოზიციამ ამის შესახებ იცოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მოვლენების ასე განვითარებას ქუცნაშვილიც არ ელოდებოდა. კერძოდ, იმას, რომ გავრილოვი სავარძელში აღმოჩნდა. სავარძელში ჩაჯდომა ვისი გადაწყვეტილებით მოხდა, არ ვიცი. პოლიტიკური პასუხისმგებლობა საკმაოდ მძიმეა ქვეყნის ისტორიაში, თანამდებობა პარლამენტის თავმჯდომარემ დატოვა და მანდატი ქუცნაშვილმა პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო, როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა.
ყველა სიტყვაზე ვერც ქუცნაშვილს და ვერც სხვას გამოვეკიდები, მაგრამ ფაქტია, რომ ამ წარმოუდგენელი ამბის გამოხმაურება ნორმალური იყო. გავრილოვის მოქმედებამ ვერ შეცვალა ვერც საშინაო და ვერც საგარეო პოლიტიკა, ეს ხალხმა მალე გაიგო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს დღეს გამართულ პრესკონფერეციაზე განუცხადა, რომ ეროვნული მასშტაბის ბულინგი 100 დღე ითმინა და დუმილი დაარღვია. „კობახიძეს არ მგონია, სცოდნოდა, რომ მის სავარძელს გავრილოვი დაიკავებდა. ოპოზიციის გაღიზიანების მიზეზი ეს შემთხვევა იყო. როცა მიზეზი დილით ამოწურულია და შენ პარლამენტზე შტურმს ღამის 10:00 საათზე იწყებ, როცა რუსული დელეგაცია არათუ პარლამენტში, არამედ საქართველოშიც აღარ იმყოფება, მაშინ ეს არის საბაბი და არა მიზეზი. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ოპოზიცია პატიოსნად არ იქცეოდა და იყენებდა საზოგადოების გულწრფელ ემოციას პოლიტიკური მიზნებისთვის, ძალაუფლება რამენაირად ხელში ჩაეგდო“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.