გია ვოლსკი - დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის იდეა ლოგიკურ საფუძვლებს ეყრდნობა
გია ვოლსკი - დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის იდეა ლოგიკურ საფუძვლებს ეყრდნობა

„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით დღევანდელ შეხვედრაზე იმსჯელებს, რომელიც პარტიის ცენტრალურ ოფისში უკვე დაიწყო.

როგორც „ქართული ოცნების“ ოფისში კონსულტაციების დაწყებამდე დეპუტატმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებებია.

„საინტერესო იქნება შეხვედრის შემდეგ ინფორმაციის მიღება, არის სხვადასხვა მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით. გავეცნობით ერთმანეთის პოზიციებს, ვიმსჯელებთ და გადავწყვეტთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს სალომე ზურაბიშვილს, ვოლსკი ამბობს, რომ დამოუკიდებელი კანდიდატის იდეა ლოგიკურ საფუძვლებს ეყრდნობა.

„დამოუკიდებელი კანდიდატის იდეა გარკვეულ ლოგიკურ საფუძვლებს ეყრდნობა, რომ „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო უმრავლესობა აქვს, ადგილობრივი თვითმმართველობა სრულად „ქართული ოცნების“ არის. იქნებ ღირდეს, რომ იყოს დამოუკიდებელი კანდიდატი, ისევე, როგორც ვთქვათ, გიორგი მარგველაშვილზე კეთდებოდა. მარგველაშვილზე გადაწყვეტილება მიღებული იყო მისი დამოუკიდებლობის და მისი პოზიციის გამო, რომელიც არ იყო შემგუებელ-შემრიგებლური, მაგრამ მთავარია, ადამიანი, რომელიც იქნება შერჩეული, უნდა იყოს სერიოზულად ორიენტირებული საქმეზე და არა ხელოვნურ დაპირისპირებაზე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის, პოლიტსაბჭოს წევრებისა და მთავრობის წარმომადგენელთა შეხვედრა მიმდინარეობს.