გია ვოლსკი - ცოდნით, პათოსითა და საკითხის მიმართ დამოკიდებულებით, უმრავლესობის არც ერთი წარმომადგენელი იმ ადამიანებზე ნაკლები არ არის, ვინც აქციაზე გულწრფელად გამოდის
გია ვოლსკი - ცოდნით, პათოსითა და საკითხის მიმართ დამოკიდებულებით, უმრავლესობის არც ერთი წარმომადგენელი იმ ადამიანებზე ნაკლები არ არის, ვინც აქციაზე გულწრფელად გამოდის

უმრავლესობის წევრი კომისიაში თუნდაც ერთიც რომ იყოს, ის დაინტერესებულია არამხოლოდ სამართლიანობის გამარჯვებით, არამედ პრაგმატულადაა დაინტერესებული იმით, რომ სახელმწიფოში სტაბილურობა იქნას უზრუნველყოფილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„ბატონმა ზაზა სარალიძემ უმრავლესობას უნდობლობა გამოგვიცხადა და სხვა არაფერი დარჩა, თუ არა ის, რომ ბერკეტები უმცირესობისთვის ჩაგვებარებინა, რათა ნდობა აღდგენილი იქნას, მაგრამ გარწმუნებთ მთავარში, თავისი ცოდნით, პათოსითა და საკითხის მიმართ დამოკიდებულებით, უმრავლესობის არც ერთი წარმომადგენელი იმ ადამიანებზე ნაკლები არაფრით არის, ვინც აქციაზე გულწრფელად გამოდის და კომისიის რომელიმე წევრზე ნაკლებიც არაფრით არის“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გია ვოლსკიმ ასევე განაცხადა, რომ როდესაც გამოქვეყნდა ლოზუნგი „ნუ მომკლავ“, ამან საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილში წარმოიშვა შეკითხვა და მოგონენები იმის თაობაზე, თუ რამდენის შვილი წავიდა სამკურნალოდ სახელმწიფოს ხარჯზე, რამდენის შვილის სწავლა ფინანსდება, რამდენის შვილი გადაურჩა ღვიძლის კიბოს, არ მოკვდა და რამდენის შვილი გამოეცალა მშობლებს, როცა მთელი ქონება გამოაცალეს ადამიანებმა, რომლებიც დღეს მიტინგს ხელმძღვანელობენ.

„ამ ყველაფერმა ეს გადაფარა და აქციას არსი არა თუ მოაკლდა, არამედ სიმახინჯე შესძინა. ამღვრეული წყლიდან წამოიჩიტა არა გულწრფელ ადამიანთა გუნდი, არამედ გუნდი, რომელსაც პოლიტიკური ცხოვრების ზედაპირზე ქოჩორი, თუ სახის რაღაც ნაწილი გამოუჩნდა და უნდათ, გინდა თუ არა, ამოყვინთონ. თუმცა, რა თქმა უნდა, იქ არიან გულწრფელი ადამიანები, ზაზა სარალიძე და მის გვერდით მდგომები“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.