გია ვოლსკი - ჩვენთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია დიდი ძალების შეთანხმება, რათა საქართველოს ინტერესების რეალიზაცია პოზიტიურ კონტექსტში მოხდეს
აშშ-ევროკავშირს შორის ურთიერთობები ბოლო პერიოდში საკმაოდ გამწვავებულია, გარკვეული თემებია, რაც ზედაპირზე დევს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
გია ვოლსკის დაუსვეს კითხვა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანგარიშზე, რომლის მიხედვით, ევროკომისია კვლავ ერთგულია ცენზურის მიმართ, მიზანში იღებს კონსერვატიულ კონტენტს და ერევა არჩევნებში მთელ ევროპაში
როგორც გია ვოლსკიმ თქვა, წარმომადგენლობითი პალატის იურიდიული კომიტეტის განცხადებას არათუ იზიარებენ, არამედ ამ კრიტიკას საქართველოს მთავრობის კრიტიკა ემთხვევა.
„ამას გარდა სხვა საკითხებიცაა, რომლებიც საყურადღებოა. მაგალითად, მაკრონის განცხადება რუსეთთან ურთიერთობის თაობაზე. ისინი არა მხოლოდ ეკონომიკურად, არამედ პოლიტიკურადაც ჩამორჩნენ იმ პროცესებს, რასაც ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ანვითარებს. ჩინეთზეც ხედავთ, რომ ევროპელი ლიდერები ჩინეთში ეკონომიკურ თემებზე სასაუბროდ გაემართნენ. კანადისა და მექსიკის ურთიერთობებს გადახედეთ. რასაკვირველია, ჩვენთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია დიდი ძალების შეთანხმება და მოლაპარაკება, რათა საქართველოს ინტერესების რეალიზაცია პოზიტიურ კონტექსტში მოხდეს. პატარა ქვეყნებისთვის ამ დაპირისპირების სივრცეში გადარჩენა ძალიან ძნელია, მაგრამ დღემდე მივაღწიეთ და სტაბილურობას მომავალშიც შევინარჩუნებთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.