გია ვოლსკი -  ნატო-ს წევრობა და მოკავშირეობა ისე უნდა განვიხილოთ, რომ ალიანსი საქართველოს გვერდში ისევე დადგება, როგორც დადგებოდა წევრობის პერიოდში
გია ვოლსკი - ნატო-ს წევრობა და მოკავშირეობა ისე უნდა განვიხილოთ, რომ ალიანსი საქართველოს გვერდში ისევე დადგება, როგორც დადგებოდა წევრობის პერიოდში

ვითარება ძალიან რთულია და ფორუმზე სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებული განცხადება არ ნიშნავს, რომ მას ეს აზრი დღეს დაებადა. ამით იყო განპირობებული ოკუპაციის მცდელობა და ამით არის განპირობებული რუსეთის ყოველდღიური მცდელობა, რომ რეგიონში, საქართველოში იყოს დაძაბულობა და დესტაბილიზაციის წინაპირობები მუდმივად ჰქონდეს, როგორც იარაღი, რომელსაც რომელ პერიოდშიც უნდა, იმ პერიოდში ჩართავს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა, ვიცე-სპიკერი გია ვოლსკიმ განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებას.

საუბარია სერგეი ლავროვის განცხადებაზე, რომლის თანახმად, 2008 წელს ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები, ევროპული უსაფრთხოების კონსტრუქციის ნაღმია. ლავროვის თქმით, ცეცხლს ეთამაშება ის, ვინც მუდმივად იმეორებს ბუქარესტის თეზისს და ამტკიცებს, რომ ნატო-ს გაფართოების საკითხებში მესამე მხარეს არ აქვს უფლება, გამოხატოს თავისი პოზიცია.

„მსოფლიოში მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. შეიძლება, ამ თვალსაზრისით დაპირისპირებას „ცივი ომი“ დავარქვათ, მაგრამ სამწუხაროდ, ზოგიერთ ადგილას „ცივი ომი“ საკმაოდ სერიოზულ სამხედრო დაპირისპირებებში გადადის. ნატო-სა და რუსეთს შორის პირდაპირი შეხება არ არის, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ აქ ინტერესების ძალიან მკვეთრი გაყოფა ხდება. უნდა ითქვას, რომ საქართველოს სწორი პოზიცია უკავია; ევროატლანტიკური ინტეგრაცია მართებულია არა მხოლოდ განწყობიდან გამომდინარე, არამედ პრაგმატული გადაწყვეტილებაა, რათა ჩვენ შევძლოთ უსაფრთხო გარემოში ყოფნა და საბოლოოდ სამშვიდობოს გავიდეთ. ვითარება ძალიან რთულია და ფორუმზე სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებული განცხადება არ ნიშნავს, რომ მას ეს აზრი დღეს დაებადა. ამით იყო განპირობებული ოკუპაციის მცდელობა და ამით არის განპირობებული რუსეთის ყოველდღიური მცდელობა, რომ რეგიონში, საქართველოში იყოს დაძაბულობა და დესტაბილიზაციის წინაპირობები მუდმივად ჰქონდეს, როგორც იარაღი, რომელსაც რომელ პერიოდშიც უნდა, იმ პერიოდში ჩართავს. სწორედ აქედან გამომდინარეობს სტრატეგია და ჩვენი დამოკიდებულება ოპონენტების მიმართ, კონკრეტული ლიდერის მიმართ, რომ ამ დესტაბილიზაციამ რუსეთის პოლიტიკის განხორციელებას არ შეუწყოს ხელი.

ნატო-ს წევრობის თემის ექსპლუატაცია ისე არ შეიძლება, რომ ჩვენ ვთქვათ, იმიტომ ვართ ცუდ მდგომარეობაში და რუსეთის საფრთხის ქვეშ, რომ ჩვენ ნატო-ს წევრები არ გავხდით და თითქოს, საყვედურად ისმის ნატო-ს წევრების მიმართ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ნატო-ს წევრებში გაფართოებაზე ერთგვაროვანი დამოკიდებულება არ არის, თუმცა მთავარი ფაქტორი, რაც საქართველოს სამშვიდობოზე გაყვანის წინაპირობას ქმნის, არის ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ნატო-ს მიმართ.

„შეიძლება, ნატო-ს წევრები არ ვართ, მაგრამ მოკავშირეობის ეს ხარისხი არის ჩვენი უსაფრთხოების გარანტია და მექანიზმი. ნატო-ს წევრობა ჩვენზე არ არის დამოკიდებული და ამ თემის სპეკულირება გარკვეულ პოლიტიკურ პარტიებს ახასიათებთ, რომლებიც არიან პრორუსული ორიენტაციის, შეიძლება მათ ასე დავარქვათ. აქედან გამომდინარე, ამაზე საუბარი არასწორია – აი, ხომ ხედავთ, თქვენ აკაკუნებთ და კარს არ გიღებენ, ასეთი მიდგომა არასწორია. ჩვენთვის ნატო-ს წევრობა და მოკავშირეობა ისე უნდა განვიხილოთ, რომ ნატო საქართველოს გვერდში ისევე დადგება, როგორც დადგებოდა მისი წევრობის პერიოდში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

დატოვე კომენტარი