გია ვოლსკი - ჩვენს გუნდს პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს, თუ სასამართლო ისეთივე კლანს დაექვემდებარება, როგორიც ჰქონდათ დღევანდელ კრიტიკოსებს
გია ვოლსკი - ჩვენს გუნდს პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს, თუ სასამართლო ისეთივე კლანს დაექვემდებარება, როგორიც ჰქონდათ დღევანდელ კრიტიკოსებს

ჩვენს გუნდს პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს, თუ სასამართლო რეალურად ისეთივე კლანს დაექვემდებარება, როგორიც ჰქონდათ დღევანდელ კრიტიკოსებს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „საერთო სასამართლოების შესახებ” კანონპროექტზე საუბრისას.

მისი თქმით, საზოგადოება მთელ პროცესს დაინახავს და დააკვირდება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ვის ირჩევენ.

„როდესაც კლანი არსებობდა და სასამართლოს განაგებდა, მაშინ, სასამართლო პრაქტიკულად არ არსებობდა. ახლა ეს კლანი ცდილობს, რომ რევანში მოახდინოს, რათა სააკაშვილი და მისი რეჟიმის საკვანძო ფიგურები გაასამართლოს. ეს არის რეალობა, რასაც ჩვენ ვუყურებთ. საზოგადოების თვალწინ პროცესი წავა, როცა ნახავთ, ვის ეტყვიან, უარს, ვის აირჩევენ და როგორ მოიქცევა პარლამენტი. პარლამენტში კიდევ ერთი ღია და გამჭვირვალე დებატები იქნება, რაც არის მთავარი პროცესი.

ეს არის ბრძოლა სასამართლოს „დათრევისთვის“, რაც ოპონენტთა გარკვეულ ჯგუფს აღელვებს. ჩვენს გუნდს პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს, თუ სასამართლო რეალურად ისეთივე კლანს დაექვემდებარება, როგორიც ჰქონდათ დღევანდელ კრიტიკოსებს.

მგონია, რომ სასამართლოს რეიტინგი საერთაშორისო დონეზე შენარჩუნებული, გაუმჯობესებული უნდა იყოს. ჩვენი ქვეყანა პირველ ოცეულშია და ეს მაჩვენებელი შესანარჩუნებელია. ხარისხი უნდა ვაჩვენოთ და პოლიტიკური დაპირისპირების მიღმა ჯანსაღი პროცესი უნდა იყოს. სამწუხაროა, რომ ასეთი დაპირისპირებით აქამდე მოვედით”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.