გია ვოლსკი - ჩვენი სამედიცინო რესურსი საკმარისია, რომ სააკაშვილი მოკლე ხანში გამოაჯანმრთელოს, თუ ვაჟკაცია, დამსახურებულ სასჯელს გაუძლოს და შემდეგ გამოვიდეს პოლიტიკურ ასპარეზზე
გია ვოლსკი - ჩვენი სამედიცინო რესურსი საკმარისია, რომ სააკაშვილი მოკლე ხანში გამოაჯანმრთელოს, თუ ვაჟკაცია, დამსახურებულ სასჯელს გაუძლოს და შემდეგ გამოვიდეს პოლიტიკურ ასპარეზზე

მოსამართლის გადასაწყვეტია, რამდენად კომპეტენტურია დასკვნები, რომლებიც განსახილველად დევს. აქ პოლიტიკური კარნახი ვერ იქნება. მეშინია კიდეც, რაიმე ისეთი განცხადება არ გავაკეთო, რომ დამაბრალონ სასამართლოზე ზეწოლა, რისი რესურსიც პოლიტიკურ გუნდს არ აქვს. თავად სააკაშვილი ამბობს, რომ არც ექსპერტიზას ჩაიტარებს, არც საჭმელს შეჭამს და არც დანიშნულ სამედიცინო კურსს გაითვალისწინებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, პიართაღლითობაში დიდი თანხაა გადახდილი, რის სანაცვლოდაც იბეჭდება სტატიები, რომ სააკაშვილი მოწამლულია.

„როგორ შეიძლება, მკურნალობასთან დაკავშირებით ყველაფერი სწორად მიდიოდეს, როდესაც მთავარი ექიმი აცხადებს, რომ პაციენტი მკურნალობაზე უარს ამბობს. სააკაშვილი უარს აცხადებს არა მხოლოდ მკურნალობასა და ექსპერტიზაზე, უფრო მეტიც, გაკეთებული აქვს კუჭის რეზექცია. რამდენიმე დღეა, შიმშილობს და, რასაკვირველია, ნეკნიც გამოჩნდება და შეიძლება, სხვა ძვალიც გამოუჩნდეს. ეს ყველაფერი იკრიბება ერთ დიდ კალათაში, რომელსაც პიართაღლითობა ჰქვია, რაშიც უშველებელი თანხაა გადახდილი, ხოლო გადახდილი თანხის სანაცვლოდ, იბეჭდება სტატიები იმის შესახებ, რომ ადამიანი მოწამლულია. აქედან გამომდინარე, რეალური სურათი შეიძლება, აბსოლუტურად სხვა იყოს. დარწმუნებული ვარ, რომ არავითარი ფატალური შედეგი არ დადგება, რადგან ელემენტარული ლოგიკა არსებობს. მთელი მისი პოლიტიკური გარემოცვა და მისი ოჯახის წევრებიც არიან ჩართული ამაში, სააკაშვილს უბიძგებენ იქითკენ, რომ თავი დაიზიანოს და თუ ფატალური შედეგი დადგება, ამით ისარგებლებს არა სახელმწიფო და მმართველი ჯგუფი, არამედ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც არავითარი რესურსი არ აქვს, გარდა იმისა, რომ სააკაშვილი რაც შეიძლება ცუდად იყოს და რაც შეიძლება მეტი პრეტენზია ჰქონდეთ დასავლელ პარტნიორებს ხელისუფლების მიმართ. ასეთია რეალობა.

არის მეორე რეალობაც – თუ ადამიანი არ ჭამს და აცხადებს, რომ მოწამლულია, ასევე უარს ამბობს ექსპერტიზაზე, თუ ადამიანს გაკეთებული აქვს კუჭის რეზექცია და არ მიჰყვება დანიშნული მკურნალობის კურსს, რასაკვირველია, ის კარგად ვერ იქნება. სწორედ ამიტომ არის ჰოსპიტალში, მაგრამ ვინც ვერ ხედავს, რომ ეს არის ბოროტული პიარგეგმის ნაწილი, რაც უნდა დაგვირგვინდეს იმით, რომ საქართველოში მოხდეს დესტაბილიზაცია, ხელისუფლება შეიცვალოს და მეორე ფრონტი გაიხსნას, არის ბრმა ან მოქმედებს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჯანდაცვამ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე უზრუნველყოს. სააკაშვილის რეჟიმი რომ ყოფილიყო, იმ დანაშაულებისთვის, რაც სააკაშვილს დაუმტკიცდა, 50-წლიან თავისუფლების აღკვეთას მიიღებდა. ჩვენი სამედიცინო რესურსი საკმარისია, არათუ გადაარჩინოს მისი სიცოცხლე, არამედ ძალიან მოკლე ხანში გამოაჯანმრთელოს და ფეხზე დააყენოს – თუ ვაჟკაცია, დამსახურებულ სასჯელს გაუძლოს და შემდეგ გამოვიდეს პოლიტიკურ ასპარეზზე. მისმა გუნდმა, კლოუნის მიერ ჩამოყალიბებულმა რევკომმა კი დასახოს გეგმები და თუ რესურსი აქვს, არჩევნებში გაიმარჯვოს და არჩევნების გზით მოვიდეს ხელისფლებაში. შემდეგ უნდა სააკაშვილი გაათავისუფლონ და რაც უნდათ, ის ქნან, თუმცა ეს არ მოხდება, რადგან ხაბეიშვილები საქართველოს საზოგადოებას ვერ აჯობებენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.