გია ვოლსკი - ჩვენი ოპონენტები აკეთებენ დამაზიანებელ განცხადებებს და ცდილობენ, არასწორი რაკურსით დაანახონ საზოგადოებას პროცესი
გია ვოლსკი - ჩვენი ოპონენტები აკეთებენ დამაზიანებელ განცხადებებს და ცდილობენ, არასწორი რაკურსით დაანახონ საზოგადოებას პროცესი

დანაშაულების ტოლფასი შეცდომები თუ განზრახ ჩადენილი დანაშაულებია, რაც ახასიათებს ხალხს, ვინც დღეს გუგუტიანთკარზე თუ საოკუპაციო ხაზის სხვა მონაკვეთზე ხმამაღალ და ბრტყელ-ბრტყელ განცხადებებს აკეთებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მათი პოლიტიკური მიზანია, პასუხისმგებლობა დღევანდელ ხელისუფლებაზე გადაიტანონ.

„მოხდა ძალიან დიდი დანაშაული. დანაშაულების ტოლფასი შეცდომები თუ განზრახ ჩადენილი დანაშაულები არის ის, რაც ახასიათებს იმ ხალხს, ვინც დღეს გუგუტიანთკარზე თუ საოკუპაციო ხაზის სხვა მონაკვეთზე ხმამაღალ და ბრტყელ-ბრტყელ განცხადებებს აკეთებს. ეს არის პოლიტიკური მიზანი, რომ როგორმე გადაერთოს თემა მათი პასუხისმგებლობიდან დღევანდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობამდე“, – განაცხადა ვოლსკიმ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, ხელისუფლებამ უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები პარტნიორებთან, განიხილოს მათთან გაერო-ს რეზოლუციის შინაარსი, რასაც აკეთებს.

„ხელისუფლებამ უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები პარტნიორებთან, ხელისუფლებამ უნდა მუდმივ რეჟიმში განიხილოს თავის პარტნიორებთან გაერო-ს რეზოლუციის შინაარსი და რუსეთისთვის მუდმივად დისკომფორტის შექმნა, რაც მასშტაბური და საკმაოდ თვალხილული პროცესია და აუცილებლად უნდა იყოს ამ საკითხთან პირდაპირ უშუალო კავშირში. ეს ყველაფერი კეთდება.  არსებობს მეორე გზა, რომელსაც შეიარაღებული ძალით საკითხის მოგვარება ჰქვია, რასაც ასევე ალბათ, სწორად აფასებს ჩვენი საზოგადოება, რომ ამას პერსპექტივა არ გააჩნია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, ოპონენტები ამ პროცესის არასწორი რაკურსით წარმოჩენას ცდილობენ.

„მსოფლიო დონის დაპირისპირებაში საქართველო და კერძოდ, გუგუტიანთკარი თუ სხვა მონაკვეთი არის მნიშვნელოვანი სეგმენტი. აი, ამ ბრძოლის პირობებში ვართ, როდესაც ჩვენი ოპონენტები აკეთებენ დამაზიანებელ განცხადებებს და ცდილობენ, არასწორი რაკურსით დაანახონ საზოგადოებას ეს პროცესი“, – აცხადებს უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი.