გია ვოლსკი - ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება არ არის ვერდიქტი, რომ ნიკა მელია აუცილებლად უნდა დააკავონ
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არ არის ვერდიქტი, რომ ნიკა მელია აუცილებლად უნდა დააკავონ. მისი თქმით, წარიმარტება სასამართლო დავა.
„ეს არ რის ვერდიქტი, რომ ნიკა მელია აუცილებლად უნდა იყოს დაკავებული. პროკურორმა მკაფიოდ თქვა, რომ გენერალური პროკურატურა შემდგომი პროცედურების გაგრძელებისთვის, სასამართლოსთვის მიმართვისთვის თანხმობას ითხოვს, რათა იმუნიტეტი მოეხსნას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროცესი ასე დასრულდება.
სასამართლო დავა იქნება მხარეებს შორის. როცა ბრალდებებზეა საუბარი, დეპუტატი რიგითი მოქალაქისგან განსხვავებული არ უნდა იყოს თავისი იმუნიტეტით.
კომიტეტებმა გადაწყვეტილება სწორედ ამაზე მიიღო. ირაკლი ბათიაშვილს გაგახსენებთ, შეხება სულ არ მომხდარა, ერთი სიტყვის გამო შვიდი წელი მიუსაჯეს გადატრიალების მცდელობაზე. მელიას საკითხი ეს შემთხვევა არ არის“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს გია ვოლსკიმ.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა ნიკა მელიას საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ გენერალური პროკურატურის მოთხოვნის შემდეგ დადგა. საგამოძიებო უწყებამ ნიკა მელიას დაპატიმრებისთვის პარლამენტისგან თანხმობა მოითხოვა. ამასთან, პარლამენტის პლენარულ სხდომამდე დღეს საპროცედურო და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. კომიტეტებმა თანხმობა განაცხადეს, რომ პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართოს.