გია ვოლსკი - ჩვენ გარკვეული ისტორიული ეტაპის მომსწრენი ვართ, როდესაც მართვის ახალი სისტემა შედის ძალაში
გია ვოლსკი - ჩვენ გარკვეული ისტორიული ეტაპის მომსწრენი ვართ, როდესაც მართვის ახალი სისტემა შედის ძალაში

ჩვენ გარკვეული ისტორიული ეტაპის მომსწრენი ვართ, როდესაც მართვის ახალი სისტემა ნელ-ნელა შედის ძალაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას საპარლამენტო მოსმენაზე კომენტირებისას განაცხადა.

„მინისტრები ანგარიშვალდებულნი არიან პარლამენტის წინაშე. სულ ველოდები, რომ უკეთესი განხილვა იქნება, არ იქნება ეს პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე სპეკულაციები და რაც მთავარია, რაღაც სკანდალის შექმნის ისეთი დაუოკებელი სურვილით, რომელიც გამოავლინეს ცალკეულმა ოპონენტებმა. მეორე მხრივ, ვფიქრობ, საქართველოს ისტორიაში ახლა იდგმება პირველი ნაბიჯები, ჩვენ გარკვეული ისტორიული ეტაპის მომსწრენი ვართ, როდესაც მართვის ახალი სისტემა ნელ-ნელა შედის ძალაში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრს საქმიანი მოხსენება ჰქონდა.

„საკმაოდ სიღრმისეული ანალიზის გაკეთების საშუალება მოგვეცა, რა ხდება ქვეყანაში, სტატისტიკიდან გამომდინარე რა არის მთავარი საფრთხეები და გამოწვევები. ამაზე საუბრის საშუალება პრინციპში მინისტრს არ მიეცა. იყო ცალკეულ საქმეებზე შეკითხვები. ეს შეკითხვები, ვფიქრობ, მუდმივად იქნება დღის წესრიგში. ამაზე პასუხი უნდა გაეცეს და რამდენიმე თემა არის ისეთი, რომელსაც მოეთხოვება სწრაფი პასუხი გამოძიებისგან“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ის დროც ახსოვს, როდესაც ორ-სამ წუთში იძიებდნენ საქმეებს, სასამართლოც ერთ წუთში მთავრდებოდა და მტყუან-მართლის განსჯაც საკმაოდ ზედაპირული იყო.

„ასე რომ, ვფიქრობ, მაინც კარგი იყო. ვფიქრობ, ღირსეული მინისტრი ჰყავს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემას და მართლაც მადლობა უნდა ვუთხრათ იმ ხალხს, რომელიც დღეს გვიყურებდა და არ ვიცი, რა შთაბეჭდილება დარჩა“, – განცხადა გია ვოლსკიმ.