გია ვოლსკი - ცესკო-ს კანდიდატურასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური დემარშია გაკეთებული და ამ დემარშს პოლიტიკურადვე უნდა ვუპასუხოთ
გია ვოლსკი - ცესკო-ს კანდიდატურასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური დემარშია გაკეთებული და ამ დემარშს პოლიტიკურადვე უნდა ვუპასუხოთ

ცესკო-ს კანდიდატურასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური დემარშია გაკეთებული და ამ დემარშს პოლიტიკურადვე უნდა ვუპასუხოთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, გიორგი კალანდარიშვილის სახელი მისთვის გაიგივებულია კარგად ჩატარებულ არჩევნებთან, რაც არ გამორჩენია არც ერთ საერთაშორისო დამკვირვებელს.

„იმის გამო, რომ კალანდარიშვილს რადიკალური ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს და არ უნდა იქნეს წარმოდგენილი მისი კანდიდატურა განსახილველად, რასაკვირველია, ეს გადაწყვეტილება ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას. ადამიანურადაც და პროფესიონალურადაც არასწორია. ადამიანმა, რომელმაც იშრომა, რომელმაც გამოავლინა მაღალი დონე პროფესიონალიზმის, მისი ხელმძღვანელობით მთელმა გუნდმა, ეს უნდა იყოს კრიტერიუმი შეფასების და ეს უნდა იყოს კრიტერიუმი იმ გადაწყვეტილების, რატომ და ვინ უნდა წარმოადგინოს განსახილველად. ხოლო ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს არ დაუჭერს, რასაკვირველია, არის საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც თავისთავზე თვითონ მეტყველებს. გამოდის, რომ ვინც წარმოადგინა კანდიდატურა, იმას უმრავლესობამ უნდა დაუჭიროს მხარი, ვალდებულება აქვს ასეთი, თუ მხოლოდ იმას აქვს მნიშვნელობა, რა ესიამოვნება რადიკალურ ოპოზიციას. აი ამ შეკითხვას მე მგონი რომ ვერ პასუხობს ის განმარტება, რომელიც პრეზიდენტმა გააკეთა.​ ვფიქრობ, საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური დემარშია გაკეთებული და ამ დემარშს პოლიტიკურადვე უნდა ვუპასუხოთ. თუმცა ვიდრე არ იქნება ჩამოყალიბებული პოზიცია, ამაზე წინასწარი განცხადების გაკეთება არ არის მართებული“, – განაცხადა ვოლსკიმ.