გია ვოლსკი - ცალკეული ოპონენტების გამონათქვამებში დიდი დოზით იგრძნობა პოლიტიკური კონიუნქტურის გამოყენების სურვილი
გია ვოლსკი - ცალკეული ოპონენტების გამონათქვამებში დიდი დოზით იგრძნობა პოლიტიკური კონიუნქტურის გამოყენების სურვილი

„ევროპული საქართველოს“ ინიციატივებში ისევე, როგორც ცალკეული ოპონენტების გამონათქვამებსა და განცხადებებში მაინც დიდი დოზით იგრძნობა პოლიტიკური კონიუნქტურის გამოყენების სურვილი, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. გია ვოლსკი ოპოზიციონერი დეპუტატის, გიგა ბოკერიას მოთხოვნას გამოეხმაურა, რომ ხელისუფლებამ საკარანტინო ადგილები გააორმაგოს და იმ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში დაბრუნებას ითხოვენ, კომპენსაცია გადაუხადოს.

გია ვოლსკის თქმით, როცა სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, გარკვეული ციფრების დასახელება, მხოლოდ სპეკულაციაა და სხვა არაფერი.

„რთული მდგომარეობაა. თანხებისა და ციფრების ასე რახარუხი არათუ რეალობასთან არის ახლოს, არამედ რაღაც დაპირისპირების გარკვეულ მინიშნებებზე არის აგებული, რომ თუ კვირის განმავლობაში ჩვენს თანამოქალაქეებს 600 ევრომდე ვერ გადავუხდით, მას უნდა გაუჩნდეს უკმარისობისა და აგრესიის გრძნობა საქართველოს მიმართ, რომელიც ყველაფერს აკეთებს, გრაფიკი შემუშავებულია, მოქალაქეების გადმოყვანა ხდება და იმ მოქალაქეთა ციფრი დიდია, რომელიც უკვე ჩამოყვანილია და ეს უნდა შეესაბამებოდეს საკარანტინო რესურს, რომელიც საქართველოს გააჩნია. რაც შეეხება ფინანსებს, საკმაოდ სოლიდური თანხები იხარჯება, რათა მოქალაქეები, ვინც ჯერ ვერ ახერხებს წასვლას, იყოს დაბინავებული და ჰქონდეთ შესაბამისი რესურსი, რომ გამოიკვებონ. რა საკვირველია, საქართველო ყველას ფინანსური რესურსით ერთი ხელის მოსმით ვერ გაწვდება, მაგრამ ფაქტია და ყველა ხედავს, მათ შორის უცხოეთში ჩვენი თანამოქალაქეები, თუ რამხელა ფინანსური, მორალური და ფიზიკური რესურსია ჩადებული იმაში, რომ მათ არ გაუჭირდეთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

დეპუტატის განცხადებით, ისეთი სახელმწიფო არ არსებობს, რომელსაც გააჩნია რაღაც გარკვეული რესურსი და ამას თავის მოქალაქეებისთვის არ გამოიყენებს.

„მაგალითები გვაქვს იმის, თუ რას აკეთებს ქვეყანა. საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება სრულფასოვანი იყო, პრობლემები არსებობს, მაგრამ ეტაპობრივი დაძლევის საკმაოდ მკაფიო გეგმა არის და ამ გეგმას მივყვებით“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.