გია ვოლსკი - ბიძინა ივანიშვილის მიერ გადადგმული ნაბიჯი ნებისმიერი ქვეყნის ოპოზიციის მხრიდან პოზიტიურად შეფასდებოდა
გია ვოლსკი - ბიძინა ივანიშვილის მიერ გადადგმული ნაბიჯი ნებისმიერი ქვეყნის ოპოზიციის მხრიდან პოზიტიურად შეფასდებოდა

სხვის ჯიბეში ფულის თვლა, უაპელაციო განცხადებები, უსამართლობა და უტიფრობა არის ის, რაც ასეთი კომენტარების ავტორებს ახასიათებთ, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ბიძინა ივანიშვილის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას.

ვოლსკის განცხადებით, ივანიშვილის მიერ არაერთი პროექტის წარმატებით განხორციელების გამო, ოპოზიცია ბევრჯერ გაწბილდა.

„ბიძინა ივანიშვილის მიერ ქონების საქველმოქმედო ფონდისთვის გადაცემის თემაზე ოპონენტები რას ამბობენ, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მის ქმედებაში ახალი არც არაფერია. ახალი არის მხოლოდ ის, რომ ასეთი ნაბიჯი ნებისმიერ ქვეყანაში ნებისმიერი ოპოზიციის მიერ შეფასდებოდა, როგორც პოზიტიური ნაბიჯი. ეს არის რეალობა და ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. უამრავი პროექტი გაკეთდა და კიდევ მეტი გაკეთდება. მთავარია, რა პროექტებს განახორციელებს, რა განახორციელა და რითი დაგვამახსოვრა თავი ბიძინა ივანიშვილმა, როგორც ქველმოქმედმა.

საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტი, ფინანსური რესურსის მოცულობიდან და საქართველოს მომავალი ხედვიდან გამომდინარე, საკმარისია, რომ ოპოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით პოზიტიურად ან საქმიანად მსჯელობის სურვილი დაეკარგოს. საოცრებაა პირდაპირ რაც ხდება. ჩვენი ოპონენტების მავნებლობის ხარისხი გაცილებით მაღალ დონეზეა, ვიდრე გუშინ იყო.

ამდენი რეგიონის რეაბილიტაცია, საერთაშორისო უნივერსიტეტი, კიდევ რომელი პროექტი ჩამოვთვალო, რომლითაც გაწბილდნენ შეტევის ავტორები. ცენტრალური პარკის მშენებლობაზე ამდენი ხნის განმავლობაში იყო პოზიციების გამოხატვა, მათ შორის პოლიტიკურ ველზე, ახლა ეს საკითხი გადაწყდა. ახლა კიდევ უთვლიან, გარკვეული ნაწილი რატომ ბოლომდე არ გადაეცით ამ პარკს. სხვის ჯიბეში ფულის თვლა, უაპელაციო განცხადებები, უსამართლობა და უტიფრობა არის ის, რაც ასეთი კომენტარების ავტორებს ახასიათებთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.