გია ვოლსკი - აშშ-ის ადმინისტრაციის ხედვებს ემთხვევა ის ხედვები, რაც ქვეყანას ჰქონდა ახალი ადმინისტრაციის მოსვლამდეც, ყველაფერი ინტენსიურ თანამშრომლობას ითხოვს, პრეზიდენტიც ამ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას
აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ხედვებს ის ხედვები ზედმიწევნით ემთხვევა, რაც საქართველოს ჰქონდა ახალი ადმინისტრაციის მოსვლამდეც. ეს ყველაფერი გაცილებით უფრო ინტენსიურ თანამშრომლობას ითხოვს, პრეზიდენტიც ყურადღებას სწორედ ამ საკითხებზე ამახვილებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, მთელი რიგი გარემოებების მიუხედავად, საფრთხეები, რომლებიც საქართველოშია და სამხრეთ კავკასიას ახასიათებს, ვაშინგტონისგან გაცილებით უფრო მეტ და ინტენსიურ ყურადღებას ითხოვს.
„საკმაოდ სერიოზული გლობალური გამოწვევებია, ბევრი საფრთხეა რეგიონთან, მათ შორის, საქართველოსთან მიმართებით. საქართველოს მიმართ „დიფ სთეითის“ რესურსები საკმაოდ აგრესიულია. ახალი ადმინისტრაციის ხედვებს ის ხედვები ზედმიწევნით ემთხვევა, რაც ქვეყანას ახალი ადმინისტრაციის მოსვლამდეც ჰქონდა. ეს ყველაფერი გაცილებით უფრო ინტენსიურ თანამშრომლობას ითხოვს, პრეზიდენტიც ყურადღებას სწორედ ამ საკითხებზე ამახვილებს. იმედია, ეს კიდევ ერთი სერიოზული საფუძველი გახდება, რათა ამ თემებზე ვიმსჯელოთ. ამერიკის რესურსი შეუადარებლად დიდია საქართველოს რესურსთან შედარებით. ჩვენ მძლავრი, კეთილგანწყობილი მოკავშირე გვჭირდება – რესურსი არსებობს, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის ასეთი ურთიერთობა ჩამოყალიბდეს. მთელი რიგი ფაქტორები არსებობს, რაც, შესაძლოა, ორმხრივ ურთიერთობაში პროგრესის განვითარებას აფერხებს. ჯერ კიდევ ჩამოყალიბებული არ არის რუსეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობები, ასვეე ამერიკასა და ჩინეთს შორის. ბევრი თემა და კითხვაა ამერიკასა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში. შესაძლოა, ეს არის გარემოებები, მაგრამ მიგვაჩნია, რომ, მთელი რიგი გარემოებების მიუხედავად, საფრთხეები, რომლებიც საქართველოშია და სამხრეთ კავკასიას ახასიათებს, ვაშინგტონისგან გაცილებით უფრო მეტ და ინტენსიურ ყურადღებას ითხოვს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ღია წერილით მიმართა.