გია ვოლსკი - აშშ არის ქვეყანა, რომელიც საქართველოს სანდო მოკავშირედ განიხილავს რეგიონში
გია ვოლსკი - აშშ არის ქვეყანა, რომელიც საქართველოს სანდო მოკავშირედ განიხილავს რეგიონში

პოლიტიკური ველი და კონკრეტული ადამიანები დაკომპლექსდა, თორემ აბსოლუტურად სხვა სურათია, სხვა სამუშაო გარემო და პოზიტიური, ამაღლებული ატმოსფერო, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„ხაზგასმით ითქვა, რომ ეს არის ორი ქვეყანა, რომლებიც ერთმანეთის პარტნიორები არიან და არა ის, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ეს არის კოლონიალისტური დამოკიდებულება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა მთავარი გზავნილი მიიღო საქართველოს ხელისუფლებამ აშშ-ის სახელმწიფო მდივნისგან, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ მთავარი მესიჯი სრული თანხვედრაა ყველა საკითხთან – მედია თავისუფლებასთან, სასამართლო რეფორმასთან, დემოკრატიული პრინციპების განვითარებასთან და უამრავ სხვა საკითხთან მიმართებით, რაც დეკლარაციაშია ჩამოწერილი.

„ეს რომ ზეპირი ლაპარაკი ყოფილიყო, შეიძლება, კიდევ ვიდაოთ მე და ოპონენტებმა, მაგრამ ეს დეკლრაციაშია ჩამოწერილი, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, რომ აშშ საქართველოს გვერდით დგას და ყოველთვის ჩვენ გვერდით იქნება. ჯერ ერთი, ესეც რომ არ ყოფილიყო, სულ ახლახან არ იყო კონგრესის მიერ მიღებული მხარდამჭერი განცხადება?!“, – განაცხადა ვოლსკიმ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რატომ დასჭირდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ორი თემის, მართლმსაჯულების სისტემისა და დემოკრატიული არჩევნების წამოწევა და ნიშნავს თუ არა ეს მინიშნება იმას, რომ ამ ორი მიმართულებით გარკვეული ხარვეზებია, რადგან როგორც მაიკ პომპეომ განაცხადა, აშშ-მა წაახალისა საქართველოს მისწრაფება, მართლმსაჯულების სისტემა გაუმჯობესდეს და უზრუნველყოფილი იყოს დემოკრატიული არჩევნები, ვოლსკიმ აღნიშნა, რომ როცა აშშ-ის პოლიტიკური ისტებლიშმენტი საკითხებს იხილავს, მათ შორის, აშშ-ის მასშტაბითაც, ბევრ თემაზე ამბობენ, რომ ესა თუ ის საკითხი გასაუმჯობესებელია.

„წარმოგიდგენიათ, პრეზიდენტი ტრამპი, მაიკ პომპეო, მაიკ პენსი, ან ბოლტონი სხედან და ამბობენ, რომ აშშ-ში ყველაფერი წესრიგშია, არჩევნების დროს ფიზიკური დაპირისპირება არ ხდება და ა.შ?! პოზიციების სრული თანხვედრა სწორედ ამას ნიშნავს. ჩვენ რა, როდესმე გვითქვამს, რომ სასამართლოს რეფორმა უნდა შევაჩეროთ?! ან ახლა, ჩვენ მიერ არ არის მომზადებული სასამართლოსთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო და მასშტაბური რეფორმა?!“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისი თქმით, ქართული საზოგადოება უკმაყოფილოა იმით, როცა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის გზავნილები ურთიერთსაწინააღმდეგოდ ფასდება.

„ვის აინტერესებს ეს?! ხალხს აინტერესებს ის, რომ აშშ არის ქვეყანა, რომელიც საქართველოს რეგიონში სანდო მოკავშირედ განიხილავს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.