გია ვოლსკი - ასეთი უსინდისო განცხადება, რაც დღეს „ევროპულმა საქართველომ“ გააკეთა, აქამდე არ მომისმენია
გია ვოლსკი - ასეთი უსინდისო განცხადება, რაც დღეს „ევროპულმა საქართველომ“ გააკეთა, აქამდე არ მომისმენია

ასეთი უსინდისო განცხადება, რაც დღეს „ევროპულმა საქართველომ“ გააკეთა, აქამდე არ მომისმენია, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“.

„ეს ჯერ ვაშაძიდან დაიწყო, მაგრამ მერე იფიქრა, რომ თვითონ უფრო ცუდ დღეშია, რადგან ხალხმა იცის, რეალურად რაც მოხდა და ამასთან დაკავშირებით, ახლა ბაქრაძემ ამოიღო ხმა, რომელიც რაღაც დოკუმენტს აფრიალებს. მე ხელში მაქვს ოფიციალური დოკუმენტი, სადაც ევროკავშირის და აშშ-ის წინადადებებია ჩამოწერილი, როგორ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ რუსეთმა შეცდომებით ვერ ისარგებლოს და აგრესია და ოკუპაცია ვერ განახორციელოს. წინა ხელისუფლების მიერ კი, არც ერთი მუხლი არ არის შესრულებული და მეტიც, საპირისპირო მოქმედებებია გაკეთებული. სალომე ზურაბიშვილი სწორედ ამაზე ლაპარაკობს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ამ განცხადებით გია ვოლსკიმ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა ფაქტებს დაუპირისპირებს ის ოპონენტებს „ევროპული საქართველოდან“, რომლებმაც დოკუმენტები წარმოადგინეს, სადაც წერია, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ საკუთარ არგუმენტებში სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან კონკრეტულ ციტატებს იშველიებს.

გია ვოლსკიმ ასევე აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის ჩანაწერიც რომ არ გაემეორებინა და ეს მართლა ეთქვა, ეს აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს იმასთან შედარებით, რაც თავად ბაქრაძემ, მისმა ძველმა და ახალმა გუნდმა გააკეთა.

„მათ მთელი მსოფლიო ეუბნებოდა, რუსეთი შემოსულია და არ ჩაერთოთ, ან ასე გააკეთეთ, ან ისეო. კონდოლიზა რაისი, შტაინმაიერი, მთელი მსოფლიო ჩამოვიდა, უთხრეს, ასე ნუ იზამთო, მაგრამ ჯინაზე ასე გააკეთეს, შედეგი მიიღეს, მერე, ეს შედეგები ოფიციალურ დოკუმენტში გააფორმეს და დღეს, როცა მეგონა, რომ ამის გამო თავდახრილი იქნებოდნენ, ასეთი განცხადებები გააკეთეს, რასაც არ ველოდი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.