გია ვოლსკი - არსებობს საფუძველი ეჭვების გამოთქმის, ჩვენს ოპონენტებს საგანგებო მდგომარეობის შენარჩუნება ხომ არ უნდათ, რათა არჩევნები საერთოდ არ ჩატარდეს
გია ვოლსკი - არსებობს საფუძველი ეჭვების გამოთქმის, ჩვენს ოპონენტებს საგანგებო მდგომარეობის შენარჩუნება ხომ არ უნდათ, რათა არჩევნები საერთოდ არ ჩატარდეს

ისმის პოლიტიკური თემებით გაზავებული კითხვები, ამ ტრადიციას თუ მივყვებით, ჩვენც შეიძლება ვთქვათ – საგანგებო მდგომარეობის შენარჩუნება ხომ არ უნდათ ჩვენს ოპონენტებს იმისთვის, რომ საერთოდ არჩევნები არ ჩატარდეს ან არჩევნების წინა პერიოდში შეიქმნას ისეთი ვითარება, როდესაც უმართავი გახდება სიტუაცია. ასეთი ეჭვების გამოთქმის საფუძველიც არსებობს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ.

გია ვოლსკიმ მომხსენებელს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს სთხოვა მაგალითის დასახელება, რომელიც ცვლილებების არსს საზოგადოებისთვის უფრო ნათელს გახდიდა.

„იქნებ, თქვენს გამოსვლაში, ერთი მოდელირებული მაგალითი მოიყვანოთ იმისა, თუ რაზეა საუბარი. ისეთი მაგალითი მოიყვანოთ, რომელიც საზოგადოებისთვის უფრო ნათელს გახდის, რაზე ვკამათობთ, რისგან გვინდა გადავარჩინოთ საზოგადოება, რისგან გვინდა გადავარჩინოთ თუნდაც, არჩევნები. აქედან გამომდინარე, მაგალითი იქნება ყველაზე კარგი და შესაბამისი იმაზე პასუხების გასაცემად, რა შეკითხვებიც ახლა დაისვა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.