გია ვოლსკი - სახალხო დამცველს აუცილებლად უნდა ეთქვა, რომ ყალბი პირადობების თემა ხასიათდებოდა საეჭვო გარემოებებით, რაზედაც მის ანგარიშში საუბარი არ არის
გია ვოლსკი - სახალხო დამცველს აუცილებლად უნდა ეთქვა, რომ ყალბი პირადობების თემა ხასიათდებოდა საეჭვო გარემოებებით, რაზედაც მის ანგარიშში საუბარი არ არის

არის საკითხები, რომელზეც სახალხო დამცველს უნდა დავეთანხმოთ, მაგრამ არის თემები, რომელზეც ჩვენი მოსაზრება გვაქვს, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის ანგარიშში გადაჭარბებულად არის შეფასებული მაგალითად მიმართვიანობის ზრდა ბავშვებზე ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით.

„არის საკითხები, რომელზეც უნდა დავეთანხმოთ და არა მარტო დავეთანხმოთ, შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებიც უნდა მოვიწვიოთ და ომბუდსმენის რეკომენდაციების შესრულებაზე ანგარიში მოვისმინოთ, თუმცა არის თემები, რომელშიც ჩვენი აზრი გაგვაჩნია. ვფიქრობ, გადაჭარბებულად არის შეფასებული იგივე მომართვიანობის ზრდა ბავშვებზე ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით. მომართვიანობა გაიზარდა იმ გარემოს გამო, რომელიც შევქმენით, პლურალიზმი და გამჭვირვალობა უნდა იყოს ამაში, სამწუხარო ფაქტია, რეაგირებებია საჭირო, მაგრამ ტენდენციას არასწორად გამოხატავს“, – განაცხადა ვიცე-სპიკერმა.

ამასთან, მისი თქმით, არჩევნებთან დაკავშირებით პოზიციის შეფასებისას და ვითარების ანალიზისას, სახალხო დამცველს აუცილებლად უნდა ეთქვა, რომ ყალბი პირადობების თემა ხასიათდებოდა გარკვეული მნიშვნელოვანი საეჭვო გარემოებებით, რაზედაც მის ანგარიშში საუბარი არ არის.

„ძალიან კარგად იცის, რომ საერთაშორისო დონეზე ამ ინფორმაციამ გაჟონა ისე, თითქოს, რაღაც მართლაც ხდებოდა და გამოირკვა, რომ ეს ელემენტარული თაღლითობაა და სამწუხაროდ, ამ თაღლითობის მხარდასაჭერად გამოვიდნენ გარკვეული ორგანიზაციები, მათ შორის პარტიული ორგანიზაციები. არის თემები, რასაც სახელმწიფომ აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება. ამასთან დაკავშირებით დისკუსიის დროს საინტერესო პოზიციები გამოჩნდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ დღეს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა.